ვაშლის იტალიურმა კონსორციუმმა ბლის ახალი ბრენდი წარმოადგინა

FruitNews-ის ინფორმაციით, ვაშლის მწარმოებელთა იტალიურმა კონსორციუმ VOG-მა ბლის ახალი ბრენდი - Ciliegie delle Alpi წარმოადგინა. კონსორციუმ VOG-ის 12 კოოპერატივიდან ბლის კულტივირებით ბევრი მეურნეობაა დაკავებული.

„რამდენიმე წლის განმავლობაში საფუძვლიანად და თანმიმდევრულად ვმუშაობდით ახალი ბრენდის შესაქმნელად. ინოვაცია ჩვენი კონსორციუმის განუყოფელი ნაწილია და დადგა დრო, ასორტიმენტი ახალი ხილით გავაფართოვოთ, რომელსაც ისეთივე ზრუნვით, ერთგულებითა და მიზანდასახულობით მოვაშენებთ, როგორც ვაშლს ვაწარმოებთ,“ - აცხადებს VOG-ის აღმასრულებელი დირექტორი, ვალტერ პარდაშერი.

წელს ბლის მოსავალმა VOG-ის მეურნეობებში დაახლოებით, 200 ტონა შეადგინა, რაც დაგეგმილზე 30%-ით ნაკლებია. მიზეზი გაზაფხულის ყინვებია, რამაც კურკოვანი ხილის ბაღები დააზიანა. კონსორციუმში მოჰყავთ ბლის ორი ჯიში - Regina და Kordia, რომლებიც ალპებისპირა კლიმატური პირობებისთვის იდეალურია.

„Regina და Kordia გვიანი სიმწიფის ჯიშებია. ნაყოფი მწიფდება ნელა და თანაბრად, რაც ხილს ტკბილსა და წვნიანს ხდის“, - აცხადებს VOG-ის გაყიდვების მენეჯერი კლაუს ჰელცლი.

Ciliegie delle Alpi-ის ბალი იტალიაში დიდი საცალო ვაჭრობის საბითუმო არხებით გაიყიდება.

„ეს არის პრემიუმ-პროდუქტი, რომელიც მომთხოვნ მომხმარებელზეა გათვლილი. ამასთან, ეს არის შესაძლებლობა, რომ კონსორციუმმა თავისი ასორტიმენტი გააფართოვოს და ჩვენს შემკვეთებსა და საბოლოო მომხმარებლებს მაღალი დონის ხარისხი და მომსახურება შესთავაზოს,“ - აცხადებს ვალტერ პარდაშერი.

VOG-ის კონსორციუმი 12 კოოპერატივსა და 4600-ზე მეტ საოჯახო მეურნეობას 11 ათასი ჰექტარი ვაშლის ბაღით აერთიანებს. ხილის საშუალო წლიური მოსავალი დაახლოებით, 500 ათასი ტონაა, ბრუნვა კი 450 მლნ ევროს აღემატება. VOG-ს 30-ზე მეტი ვაშლის ჯიში მოჰყავს და ექსპორტს 65 ქვეყანაში ახორციელებს. VOG-ის ვაშლი GLOBAL GAP, IFS, AGRIOS და ISO 9001: 2015 სტანდარტებით არის სერთიფიცირებული.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ