მოსახლეობა შესაძლოა, წინასწარი რეგისტრაციისა და ჩაწერის გარეშე ე.წ ღია ვაქცინაციის ცენტრებში აიცრას

,,არსებობს ადამიანების გარკვეული რიცხვი, რომელსაც არ აქვს აპლიკაციაზე წვდომა, ან ინტერნეტი, სწორედ მათ შეეძლებათ აიცრან ჩვენთან, წინასწარი ჩაწერის გარეშე“- ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ „თბილისი ცენტრალის“ დირექტორი ლევან ყარალაშვილი აცხადებს.

მისი თქმით, მთავრობას ბიზნეს ომბუდსმენის საშუალებით უკვე შესთავაზეს 6 სავაჭრო ცენტრში ღია ვაქცინაციის ცენტრების მოწყობა და ამაზე მუშაობა მიდის.

,,ჩვენ შეთავაზება ჯერ კიდევ გაზაფხულზე გავაკეთეთ, როცა ქვეყნის გახსნა დაიწყო და გაჩნდა პოზიტიური მოლოდინი, რომ შემოვიდოდა ვაქცინებიც. მაშინვე გამოვხატეთ მზაობა ჩავრთულვიყავით პროცესში, რადგან გვესმის, რა მნიშვნელოვანია მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს ვაქცინაცია. მსგავსი მაგალითები მსოფლიოში არსებობს, როცა მოლებში მიმდინარეობს აცრა.

ჩვენ, სავაჭრო ცენტრებში თანამშრომლების ყოველკვირეულ ტესტირებას ვახორციელებთ კოვიდზე და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კარგად დაცული ტერიტორია, სადაც არც რეგულაიცების დაცვის პრობლემა დგას. 6 სავაჭრო ცენტრში, რომელიც ჩვენი ასოციაციის წევრები არიან, ვიზიტორთა ყოველდღიური რაოდენობა 100 000-ია. ესეც, შემცირებული ტრაფიკის ფონზე. ამიტომ, ჩვენ გამოვხატეთ მზაობა ყოველგვარი წინასწარი რეგისტრაციისა და ჩაწერის გარეშე ე.წ ღია ვაქცინაციის ცენტრში აიცრას მოსახლეობა. საუბარია, ჩინურ ვაქცინებზე, რომელიც 2 მლნ უკვე არის ქვეყნაში.

მსგავსი საპილოტე პროექტი უკვე გაკეთდა ლილო მოლის ტერიტორიის მიმდებარედ. მოგეხსენებათ, არსებობს ადამიანების გარკვეული რიცხვი, რომელსაც არ აქვს აპლიკაციაზე წვდომა, ან ინტერნეტი, სწორედ მათ შეეძლებათ აიცრან ჩვენთან, წინასწარი ჩაწერის გარეშე. ამიტომ, როცა შემთხვევების რაოდენობა ამ მასშტაბითაა გაზრდილი, ვაქცინაცია ერთადერთი გამოსავალია, ახალ ლოქდაუნში არ შევიდეთ.

ბიზნეს ომბუდსმენის გავლით ჩვენ გვაქვს ჯანდაცვის სამინისტროსთან კომუნიკაცია. ისინი უკვე იყვნენ ჩვენთან ტერიტორიის შესწავლის მიზნით. თუ იქნება მათი მხრიდან მზაობა და მოხერხდება ამის დამენეჯმენტება, ჩვენ მზად ვართ ჩავერთოთ ამ თემაში. ვიცით, რომ მუშავდება კონკრეტული სქემები და გაიდლაინები. ჩვენ მზად ვართ, თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული 2-დან მაქსიმუმ 6 კვირამდე ვადაში ეს ცენტრები ავამუშავოთ“- აცხადებს ყარალაშვილი ,,საქმეში“.

შეგახსენებთ, ქვეყანაში დღიური დადებითობის მაჩვენებელი 7,75%-ია, ბოლო 7 დღის 6,92%, ბოლო ორი კვირის კი, 6,28%.

27 ივლისის მონაცემებით სულ აცრილია – 432 795 ადამიანი, დღიურად აცრილია 14 210.

თამარ მუკბანიანი