UNESCO-მ ნიცა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა

გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (The United Nations Educational, Scientific and Cultural Organization-UNESCO) საფრანგეთის საკურორტო ქალაქი ნიცა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა. ინფორმაციას Le Figaro ავრცელებს.

„ნიცას, როგორც ფესვგადგმულმა, ისე ღია, ხმელთაშუა და ალპურმა, ევროპულმა და კოსმოპოლიტურმა ისტორიამ შექმნა უნიკალური არქიტექტურა და ლანდშაფტი, რომელიც მსოფლიოს მრავალი სხვა ქალაქისთვის მაგალითია”, - აცხადებს ამ ფაქტთან დაკავშირებით ნიცას მერი კრისტიან ესტროზი.

„ეს აღიარება ნიცას ნათლავს, როგორც საკურორტო რივიერა-არქეტიპს, თავისი განსაკუთრებული მდებარეობით ზღვასა და მთებს შორის”, - წერს Twitter-ზე საფრანგეთის კულტურის მინისტრი როზელინ ბაჩელო.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში ნიცას შეტანაზე განაცხადი 2019 წელს არ დაკმაყოფილდა.

გასულ კვირას, UNESCO-მ მადრიდის ერთ-ერთი მთავარი ბულვარი, Paseo del Prado და პარკი Buen Retiro, ასევე, მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა, ხოლო ინგლისის ქალაქ ლივერპულს, პირიქით, ეს სტატუსი ჩამოართვა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ