ორცხობილა Oreo-ს მწარმოებელმა კომპანიამ კვარტალური შემოსავალი 6,64 მლრდ დოლარამდე გაზარდა

ორცხობილა Oreo-ს მწარმოებელი სასურსათო პროდუქტების გიგანტი, Mondelez International-ი ორგანული შემოსავლების წლიურ პროგნოზს აუმჯობესებს. Reuters-ის შეფასებით, Oreo-ს ორცხობილა და ასევე, კომპანიის კიდევ ერთი ბრენდი, შოკოლადი Cadbury მეტად მოთხოვნადი იყო განვითარებად ბაზრებზე, მათ შორის, ჩინეთში, ბრაზილიაში, ინდოეთსა და რუსეთში.

განვითარებადი ბაზრების სეგმენტმა კომპანიას, რომელიც, ასევე, საღეჭი რეზინა Trident-ისა და შოკოლად Toblerone-ის მწარმოებელია, მეორე კვარტალში 2,29 მლრდ დოლარი მოუტანა, რაც გასული წლის კვარტალურ შემოსავალზე 20%-ით მეტია. თუმცა Mondelez-ის აქციები, ბაზარზე გასვლის შემდეგ, 2%-ით შემცირდა, რადგან კომპანიამ მოგების წლიური პროგნოზი უცვლელად დატოვა. როგორც J.P. Morgan-ის ანალიტიკოსი, კენ გოლდმანი აცხადებს, მიმდინარე წლის მოგების პროგნოზის გაზრდაზე უარის თქმამ ზოგ ინვესტორს იმედი გაუცრუა.

Mondelez ინფლაციურ წნეხსაც წააწყდა, თუმცა გეგმავს, რომ ნედლეულზე ხარჯების ზრდა პროდუქციაზე ფასების გაზრდითა და შეფუთვის ხარჯების შემცირებით დააკომპენსიროს.

„შეზღუდვების შემცირებასთან ერთად იზრდება მობილობა, თუმცა საშინაო მოხმარება ისევ მაღალ დონეზე რჩება და როგორც ჩანს, სახლიდან მუშაობა და ინტერნეტით შესყიდვები ისევ გაგრძელდება,“ - აცხადებს Mondelez International-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი დირკ ვან დე პუტი.

მისი თქმით, Mondelez საწარმოო ხაზების გაზრდით განვითარებად ბაზრებზე პოზიციებს აორმაგებს, თუმცა ხარჯების შემცირების მიზნით, ახალ საწარმოებს არ ხსნის.

კომპანია წლიური სუფთა ორგანული შემოსავლის 4%-ზე მეტ ზრდას პროგნოზირებს, რაც მანამდე პროგნოზირებად 3%-იან ზრდაზე მეტია.

რაც შეეხება განვითარებული ქვეყნების ბაზარს, ამ სეგმენტზე Mondelez-ის სუფთა შემოსავალი მეორე კვარტალში 8,9%-ით, 4,35 მლრდ დოლარამდე გაიზარდა.

ორივე სეგმენტში კომპანიის მთლიანი სუფთა შემოსავალი 12,4%-ით, 6,64 მლრდ დოლარამდე გაიზარდა და Refinitiv-ის ანალიტიკოსების მიერ შეფასებულ საშუალო მაჩვენებელს, 6,42 მლრდ დოლარს გადააჭარბა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ