„მოდით, ვისაუბროთ ციფრებით, ფაქტებით და ვიამაყოთ იმ შედეგებით, რაც მოკლე ვადაში კერძო სექტორთან ერთად ტურიზმის აღდგენის და გაძლიერების კუთხით შევძელით კოვიდის რეალობაში"

ტურიზმის სექტორს ჯერ კიდევ მრავალი გამოწვევა აქვს, ამიტომ ინდუსტრიის გაძლიერებისთვის უმჯობესია რეალურ გამოწვევებზე და გადაჭრის გზებზე ვიმსჯელოთ, - ასე გამოეხმაურა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ცალკეულ პოსტებს, რომლებშიც ეკონომიკის სამინისტროს შეფასებით, დამახინჯებულად არის წარმოდგენილი საქართველოს ტურიზმის სექტორში არსებული ვითარება.

„დღესაც წავიკითხე საფუძველს მოკლებული “შეფასება” - ტურისტის ნასახი არაა საქართველოშიო. მოდით ვისაუბროთ ციფრებით, ფაქტებით და ვიამაყოთ იმ შედეგებით, რაც მოკლე ვადაში კერძო სექტორთან ერთად ტურიზმის აღდგენის და გაძლიერების კუთხით შევძელით კოვიდის რეალობაში. მთავარი ახლა ვაქცინაციაა იმისთვის, რომ ეს აღდგენის და გაძლიერების ტემპი იყოს მდგრადი და სტაბილური. ტურიზმის სექტორს ჯერ კიდევ მრავალი გამოწვევა აქვს, ამიტომ ინდუსტრიის გაძლიერებისთვის უმჯობესია რეალურ გამოწვევებზე და გადაჭრის გზებზე ვიმსჯელოთ“, - წერს ქვრივიშვილი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, მინისტრის მოადგილეს თავისი შეფასების დასტურად მოჰყავს სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოების პუბლიკაციები, რომელთა მიხედვითაც საქართველოში ტურისტების მზარდი ტენდენციაა, რაც აისახა კიდევ ჯავშნების რაოდენობის მატებაზე როგორც მსხვილ და ქსელურ სასტუმროებზე, ასევე საოჯახო სახლებსა და ასევე ბინებზე, რომელთა გაქირავების მაჩვენებელმაც 2019 წლის მონაცემს უკვე გადაუსწრო.