IMF-მა მოწინავე ქვეყნების ეკონომიკური ზრდის შეფასება გაზარდა, განვითარებადი ქვეყნების პროგნოზი კი შეამცირა

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) მიმდინარე წლის გლობალური ეკონომიკის 6%-იანი ზრდის პროგნოზი უცვლელი დატოვა. ფონდმა აშშ-ს და სხვა მდიდარი ქვეყნების ეკონომიკის პროგნოზი გააუმჯობესა, განვითარებადი ქვეყნების შეფასებები კი შეამცირა, რომლებიც კოვიდპანდემიას ძნელად უმკლავდებიან.

„განსხვავება ძირითადად ემყარება მოწინავე ქვეყნებში COVID-19-ის ვაქცინებზე უკეთეს ხელმისაწვდომობასა და ფინანსური მხარდაჭერის პროგრამებს, რაზეც განვითარებად ბაზრებს დღემდე სირთულეები აქვთ“, - ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის „მსოფლიო ეკონომიკური პერსპექტივების“ ანგარიშში.

მოწინავე ეკონომიკის ქვეყნებში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის, დაახლოებით, 40%, განვითარებადი საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში კი მოსახლეობის მხოლოდ 11%.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა აშშ-ს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი წელს 7,0%-ით, 2022 წელს კი 4,9%-ით გაზარდა, ეს აპრილის შეფასებებზე 0,6 და 1,4 პროცენტული პუნქტით მეტია. ფონდი ვარაუდობს, რომ აშშ-ს კონგრესი დაამტკიცებს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის 4 ტრილიონი დოლარის წინადადებათა პაკეტს, რომელიც ინფრასტრუქტურის, განათლებისა და ოჯახის მხარდაჭერას ეხება.

ფონდმა ყველაზე მეტად ბრიტანეთის შეფასებები განაახლა, რომელსაც წელს 7,0%-იან ეკონომიკურ ზრდას უწინასწარმეტყველებს, რაც წინა პროგნოზზე 1,7%-ით მეტია. ამის მიზეზი ქვეყანაში, ადრინდელთან შედარებით, COVID-19-ის შეზღუდვებთან უკეთესი ადაპტაციაა.

ევროს ზონაში წლევანდელი ეკონომიკური ზრდა მცირედით, 0,2 პროცენტული პუნქტით განახლდა, ხოლო იაპონიაში, პირიქით, 0,5%-ით შემცირდა, რაც ასახავს ინფექციის უფრო მაღალ დონესა და შედარებით მკაცრ შეზღუდვებს წლის პირველ ნახევარში.

ინდოეთს, რომელსაც წელს კორონავირუსის მასიურმა ტალღამ დაარტყა, ეკონომიკური ზრდის პროგნოზში ყველაზე დიდი, 3%-იანი კლება აქვს და მისი მოლოდინის მაჩვენებელი 9,5%-მდე შემცირდა.

სავალუტო ფონდმა, ასევე, 0,3 პროცენტული პუნქტით შეამცირა ჩინეთის ეკონომიკური პროგნოზი, რაც სახელმწიფო ინვესტიციებისა და საერთო საბიუჯეტო მხარდაჭერის კლებამ განაპირობა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ასევე, დაბალი შეფასებით პროგნოზირებს ინდონეზიის, მალაიზიის, ფილიპინების, ტაილანდისა და ვიეტნამის პერსპექტივებს, სადაც COVID-19-ის ინფექციების ბოლოდროინდელი ტალღები ეკონომიკურ აქტივობებზე ზემოქმედებს. ფონდის პროგნოზით, განვითარებადი აზიის ეკონომიკა წელს 7,5%-ით გაიზრდება, რაც აპრილის პროგნოზთან შედარებით, 1,1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.

დაბალშემოსავლიან ქვეყნებში წლევანდელი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა. ფონდი ვაქცინების ნელ გავრცელებას, ამ ქვეყნების ეკონომიკის აღდგენაში მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორად ასახელებს.

სავალუტო ფონდი ინფლაციას დროებით მოვლენად მიიჩნევს, რაც გამოწვეულია ეკონომიკის აღდგენის პროცესში „მოთხოვნისა და მომარაგების შეუსაბამობით“. ფონდის პროგნოზით, ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი, რომელიც განსაკუთრებით შეერთებულ შტატებში შეინიშნება, მომავალ წელს ნორმალურ დონეს დაუბრუნდება. თუმცა, თუ მიწოდების ჯაჭვში დეფიციტი გრძელვადიანი აღმოჩნდა, მომავალი წლის ინფლაციის მოლოდინი „ღუზას დაკარგავს,“ რაც შემაშფოთებელი იქნება.

სავალუტო ფონდის განცხადებით, უარყოფითი რისკები გლობალურ დონეზე ძალაში რჩება, მათ შორის ახალი, მეტად გადამდები კორონავირუსის ვარიანტები, რაც გამოიწვევს ახალ შეზღუდვებსა და ეკონომიკური აქტივობის შემცირებას.

ამ რისკების გათვალისწინებით, ფონდი აცხადებს, რომ გლობალური მშპ-ს ზრდა წელს და მომავალ წელსაც შესაძლოა, 0,8 პროცენტული პუნქტით შემცირდეს, რის შედეგადაც 2025 წლისთვის გლობალური წარმოების დანაკარგი 4,5 ტრილიონი დოლარი იქნება.

ფონდმა თავისი ძირითადი რეცეპტები ქვეყნებისთვის უცვლელი დატოვა: პრიორიტეტულია ჯანმრთელობის ხარჯები, განსაკუთრებით ვაქცინაციისთვის, დაუცველი ოჯახებისა და ფირმების მხარდაჭერა და ინვესტიცია განათლებაში, ტრენინგებსა და ისეთ პროექტებში, რომლებიც პროდუქტიულობას გაზრდის და დაბალნახშირბადიან ეკონომიკაზე გადასვლას დააჩქარებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ