"ქვეყანაში ეპიდემიის ცეცხლი ანთია, ეპიდგაუარესების შეჩერების ორი გზა არსებობს - აცრა და რეგულაციების დაცვა - რეკომენდაციები მარტო შოლტით და მათრახით არ უნდა აღსრულდეს"

ქვეყანაში ეპიდემიის ცეცხლი ანთია - მთავარია რეკომენდაციების აღსრულება და ეს მარტო შოლტით და მათრახით არ უნდა აღსრულდეს - ეს ერთის მხრივ უნდა იყოს კონტროლი და მეორეს მხრივ თვითშეგნება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

გამყრელიძის თქმით, ქვეყანა მძიმე „ლოკდაუნზე“ აღარ წავა.

„ეპიდვითარება საკმაოდ რთულია. 26 ივნისიდან დაწყებული ნელი ტემპით უარესდებოდა და უარესდება ეპიდსიტუაცია. გუშინ და დღეს გვაქვს პიკური მაჩვენებელი. გარკვეულ პროგნოზირებაზე მუშაობს ჩვენი ერთ-ერთი ჯგუფი და შეიმჩნევა, რომ ზრდის ტემპი ბოლო დღეების განმავლობაში თითქოს მცირდება. აბსოლუტური რაოდენობა იმატებს, მაგრამ თითქოს ზრდის ტემპის შემცირებისკენ არის ტენდენცია, მაგრამ მინდა თითები გადავიჯვარედინო და არ ვიცი ჯერჯერობით როგორი იქნება. ზრდა გვექნება, მაგრამ მინდა, რომ ეს იყოს ნელი ტემპით ზრდა. ვართ პიკში ყველანაირი გათვლებით და ვფიქრობთ, რომ ეს პიკი უნდა გაგრძელდეს 7-10 დღე და მერე უნდა დაიწყოს ქვესვლა ინფექციამ, მაგრამ ასევე ნელი ტემპით. ეპიდგაუარესების შეჩერების მხოლოდ და მხოლოდ ორი გზა არსებობს - მეტი აცრა და რეგულაციების დაცვა. ქვეყანა მძიმე „ლოკდაუნზე“ აღარ წავა. მთავარია რეკომენდაციების აღსრულება და ეს მარტო შოლტით და მათრახით არ უნდა აღსრულდეს - ეს ერთის მხრივ უნდა იყოს კონტროლი და მეორეს მხრივ თვითშეგნება. ქვეყანაში ცეცხლი ანთია ეპიდემიის და ამიტომ ყველამ თავი შევიკავოთ იმ ბუსტერებისგან, რომლებიც მთავარი ბუსტერებია ეპისიტუაციის გაუარესებაში“, - განაცხადა გამყრელიძემ.