თურქეთში ქართველი ვიზიტორების რაოდენობა შემცირდა

ნოემბერში საქართველოდან თურქეთში ჩასული ვიზიტორების რაოდენობამ 130 305 შეადგინა.

თურქეთის ტურიზმის სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში საქართველოდან ჩასული ვიზიტორების რაოდენობამ 130 305 შეადგინა, რაც 0,85 პროცენტით ნაკლებია გასული წლის ამავე თვის მონაცემებთან.

ეკონომიკური კრიზისის ფონზე, რაც ნავთობის ფასებისა და რუბლის ვარდნით არის გამოწვეული, თურქეთში ასევე შემცირდა რუსეთიდან ჩასული ტურისტებისა და ვიზიტორების რაოდენობა. თურქეთის ტურიზმის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, ნოემბერში ქვეყანაში ჩასული რუსი ტურისტების რიცხვი 18,45 პროცენტით შემცირდა გასული წლის ამავე თვესთან შედარებით.

საერთო ჯამში, მიმდინარე წლის ნოემბერში თურქეთს 62 961 რუსი ტურისტი ეწვია, 2013 წელს რუსი ტურისტების რაოდენობამ თურქეთში 77 210 შეადგინა, რაც 6,11 პროცენტით მეტი იყო 2012 წლის მაჩვენებელთან.

თურქეთის ტურიზმის სამინისტროს განცხადებით, მიუხედავად ნოემბერში რუსი ტურისტების რაოდენობის შემცირებისა, მიმდინარე წელს თურქეთში რუსი ტურისტების რაოდენობა საერთო ჯამში 5,35 პროცენტით გაიზარდა წინა წელთან შედარებით და 35 მილიონ 260 ათასი ტურისტი შეადგინა. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, თურქეთის კურორტებზე ყველაზე დიდი მაჩვენებელი წელს გერმანიიდან დაფიქსირდა და მხოლოდ ნოემბერში გერმანელი ტურისტების რაოდენობამ დაახლოებით 255 ათასი შეადგინა.

თურქეთის ტურისტული კომპანიები მომდევნო თვეებში რუსეთიდან ტურისტების რაოდენობის სერიოზულ კლებას ელოდებიან.