ნოდარ ხადური: RMG-ის მუშაობის ფაქტობრივი შეჩერების გამო, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ბოლნისის რაიონს 9 მილიონი გამოეყო

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, კომპანია RMG-ის მუშაობის ფაქტობრივი შეჩერების გამო, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ბოლნისის რაიონს წელს 9 მილიონი გამოეყო.

როგორც ხადურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, აქამდე ბოლნისის ბიუჯეტს სახელმწიფო ფულს არ აძლევდა. "2012-2013 წლებში, კომპანიის სახელფასო ფონდი შესაბამისად, 41 მილიონი და 35 მილიონი ლარი იყო, ანუ ჯამში 2 წლის განმავლობაში 76 მილიონი ლარი გაიცა მხოლოდ ხელფასის სახით, წელს კი მხოლოდ 400 ათასი ლარია გაცემული. ფაქტობრივად, გაჩერებულია საწარმო. ამავე დროს, ბოლნისის რაიონის ბიუჯეტის შემოსავლების ფორმირება რეალურად მხოლოდ ამ ერთ საწარმოზეა დამოკიდებული. წელს ჩვენ მოგვიწია რაიონისთვის 9 მილიონის მიცემა, მაშინ როცა წინა წლებში ბოლნისის ბიუჯეტს ფულს არ ვაძლევდით. ეს კომპანია მთლიანად ინახავდა რაიონს", - განაცხადა ხადურმა.

მთავრობის სხდომაზე ფინანსთა მინისტრისგან აღნიშნული კომპანიის სახელფასო ფონდის შესახებ ინფორმაციით პრემიერ-მინისტრი დაინტერესდა.