მცდელობა მესამე - კუს ტბასთან კუს ქანდაკების განთავსებისთვის მერია უფრო მეტს დახარჯავს

კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე კუს ქანდაკების განთავსებაზე მერიამ ტენდერი მესამედ გამოაცხადა.

კერძოდ, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე - კუს არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის (ქანდაკება) განთავსების სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 12 აგვისტოს დაიწყება და 17 აგვისტოს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 29 ათასი ლარია.

სატენდერო პირობების თანახმად, მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს კუს ქანდაკების ტრანსპორტირება და კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სკვერში კვარცხლბეკზე მონტაჟი. სამუშაოების მიწოდების ვადად კი, ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 70 კალენდარული დღე (ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით) არის განსაზღვრული.

შეგახსენებთ, რომ პირველი ტენდერი კუს ქანდაქების განთავსების მიზნით, 7 მაისს გამოცხადდა. თუმცა, ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა, რადგან გამარჯვებულმა პრეტენდენტმა ხელშეკრულების გაფორმებაზე უარი თქვა, რის გამოც მისი დისკვალიფიკაცია მოხდა. მეორე ტენდერი კი 15 ივნისს გამოცხადდა, თუმცა, შესყიდვა არც მაშინ არ შედგა. ცნობისთვის, ორივე შემთხვევაში შესყიდვის სავარაუდო ღირებულება - 23 992 ლარია.

kustbaa2-1620453611-1622539531.jpgkustbaa1-1620453603.jpgkustbaa2-1620453611.jpg

თაია არდოტელი