10 ქართული კომპანია საერთაშორისო მოდის კვირეულში მიიღებს მონაწილეობას

10 ქართული კომპანია საერთაშორისო მოდის კვირეულში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოფენაში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ჩანთების, აქსესუარების, ტყავისა და სამკაულების მწარმოებლები. ამასთან, განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია და 8 აგვისტოს დასრულდება.

„საერთაშორისო მნიშვნელობის შოურუმები, რომლებიც მოდის კვირეულების ფარგლებში წელიწადში ოთხჯერ იმართება, მოდის სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებას წარმოადგენს. შოურუმებს ყოველწლიურად საშუალოდ სტუმრობს 100 000-მდე კომპანია, 130 000 ზე მეტი პროფესიონალი შემსიყიდველი (ბაიერი) და პრესის წარმომადგენელი. ღონისძიებაში, ე.წ. ეგზიბიტორის სახით მონაწილეობა ნებადართულია მხოლოდ დიზაინერებისთვის, რომლებიც მიღებულნი არიან მათთვის სასურველ შოურუმებში. გთხოვთ, იხილოთ ქვეყნების ჩამონათვალი: საფრანგეთი (პარიზი), იტალია (მილანი), დიდი ბრიტანეთი (ლონდონი), ჩინეთი (შანხაი).

"აწარმოე საქართველოში" სააგენტოს მხარდაჭერით გამოფენაში სულ მონაწილეობას მიიღებს 10 კომპანია. კომპანიების შერჩევა განხორციელდება სააგენტოს მიერ შემუშავებული და დამტკიცებული კომპანიების შერჩევის კრიტერიუმების და თანადაფინანსების მექანიზმის საფუძველზე“- ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

ნინი ქეთელაური