„თუ სანქციები არა, დამატებითი ტიპის სარგებელს, რომელიც შეიძლება მიგვეღო, ვეღარ მივიღებთ“ -  დარჩება თუ არა ქვეყანა ევროკავშირის მხარდაჭერის გარეშე

„თუ სანქციები არა, დამატებითი ტიპის სარგებელს, რომელიც შეიძლება მიგვეღო, ვეღარ მივიღებთ“,- ამის შესახებ დეპუტატმა, გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისი თქმით, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით პოლიტიკური კრიზისი თუ ისევ გაგრძელდა, ევროკავშირი ნეიტრალურ პოზიციას დაიკავებს და ქვეყანა დარჩება სრულიად მარტო, ამისგან კი - „რა გამოვა, არავინ იცის“.

შეგახსენებთ, რომ ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. როგორც პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, შეთანხმებამ „საკუთარი თავი ამოწურა“.

„უკვე რამდენიმე კვირაა ფაქტობრივად ძალიან რთულია რაიმე სერიოზულ თემაზე დისკუსია, იმიტომ, რომ ირგვლივ სპექტაკლი გვაქვს. ამას მხოლოდ მე კი არა, ჩვენი მეგობრები, დიპლომატებიც კარგად ხედავენ და ამიტომ გაჩნდა ის გარემოება, რომელშიც ახლა ვართ. თუ იგივე გავაგრძელეთ, დიდი ალბათობით, ძალიან ნეიტრალურ პოზიციას დაიკავებენ ჩვენ მიმართ. ეს ნიშნავს, რომ ფაქტობრივად, მარტო დავრჩებით და რა გამოვა ამისგან, არავინ იცის.

რთულია ახლა პროგნოზირება, მაგრამ გზა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, ამ შემთხვევაში „ქართლმა ოცნებამ“ და საითაც მივდივართ, ალბათ, იქითკენ მიგვიყვანს, რომ თუ სანქციები არა, დამატებითი ტიპის სარგებელს, რომელიც შეიძლება მიგვეღო, ვეღარ მივიღებთ. მაგალითად, ბოლო შეხვედრაზე, როდესაც ევროკომისარი იყო ჩამოსული, 3 და 9 მლრდ-ს დაპირდნენ ჩვენ ქვეყანას. ერთ-ერთი სერიოზული დახმარება შეიძლება ყოფილიყო ეს ჩვენი ქვეყნისთვის. შესაძლოა, ეს ახლა მივიღოთ კიდეც, მაგრამ შემდეგზე არ მივიღებთ დამატებით შესაძლებლობებს. მაგალითად, ბაზარზე გასვლის და აშ. ამიტომ, ზოგადად, ეს გზა, რომელზეც ახლა ვდგავართ, არ არის ევროპისკენ.

მეორე საკითხია, გვაქვს თუ არა რესურსი, მათ შორის პოლიტიკოსებს, რომ სიტუაცია შევცვალოთ. და თუ არ გვაქვს, მაშინ ყველანაირი პესიმიზმი შეიძლება იყოს გამართლებული. თუმცა, მე მჯერა რომ გვაქვს. იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ ეს გადაწყვეტილება ხომ მაინც სისუსტეზე მიუთითებს?! „ქართული ოცნება“ დარწმუნებული რომ იყოს არჩევნების მოგებაში, ამას ხომ არ გააკეთებდა?! თუ „ქართული ოცნება“ სუსტ პოზიციაშია, ე.ი შანსი აქვს ოპოზიციას, რომ სიტუაცია შემოატრიალოს“-, განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

ნინი ქეთელაური