Hub Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე საქართველო-რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის საკითხს ეხმაურება.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის საქართველოსთან ფრენების განახლების საკითხი განიხილოს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ვასო ურუშაძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„დღეს, ორ ქვეყანას შორის საავიაციო ხელისუფლებების ურთიერთობებს არეგულირებს 1993 წელს გაფორმებული „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საჰაერო მომოსვლის შესახებ შეთანხმება“, რომელიც ცალმხრივად, რუსეთის მხრიდან ჯერ 2006 წელს დაირღვა, შემდეგ 2008 წელს საომარი მოქმედებებისას და უკვე მესამედ, 2019 წელს 20 ივნისის მოვლენების შემდეგ.
რუსეთთან ურთიერთობის მწარე გამოცდილებამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ამ ქვეყანასთან, ორმხრივ ფორმატში მოლაპარაკებებს და დადებულ შეთანხმებებს არანაირი სამართლებლივი ძალა არ გააჩნია. რუსეთის მხრიდან შეთანხმების ცალმხრივად და არაერთხელ დარღვევის მიუხედავად, საქართველოს არ გააჩნია ბერკეტი, დაიცვას საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესები და ეროვნული ავიაკომპანიები. ამის გამო, მილიონობით ლარის ზარალი ადგება საქართველოს ეკონომიკას და კერძო სექტორს.
აქედან გამომდინარე, მივმართავ საქართველოს მთავრობას, არ წამოეგოს რუსეთის მხრიდან გადმოგდებულ ანკესს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ეკონომიკურ ანექსიას და კატეგორიულად მოითხოვოს, რომ ორ ქვეყანას შორის ,,საჰაერო მიმოსვლის შესახებ” შეთანხმება მოექცეს საერთაშორისო სამართლებრივ ჩარჩოში. კერძოდ, გამოვდივარ ინიციატივით, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის და მოკავშირის-ევროკავშირის, კერძოდ EASA-ს (ევროპის სამოქალაქო ავიაციის სააგენტო) ჩართულობით გაფორმდეს ახალი სამმხრივი შეთანხმება, რომელიც დაარეგულირებს რუსეთ-საქართველოს საავიაციო ხელისუფლებებს შორის ურთიერთობას, რითიც ეს ურთიერთობა საერთაშორისო სამართლებრივ ფორმატში მოექცევა.
საქართველოს და რუსეთს შორის ფრენების უპირობოდ და მოლაპარაკებების გარეშე აღდგენა არ უნდა მოხდეს და აუცილებელია შეიქმნას მოლაპარაკებების სამმხრივი ფორმატი. მიგვაჩნია, რომ პროცესი საკუთარ თავზე უნდა აიღოს ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა ევროკავშირმა, კერძოდ ევროპის სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ. აღნიშნულ ფორმატში გამართულ მოლაპარაკებებში უნდა მონაწილებდნენ- სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, ეროვნული ავიაკომპანიები და საქართველოსა და რუსეთის მთავრობების წარმომადგენლები.
მოლაპარაკების პროცესი უპირობოდ ბრიუსელში უნდა წარიმართოს და ევროპის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს იურისტების ჩართულებით გაფორმდეს ახალი სამმხრივი ხელშეკრულება. მომავალში, აღნიშნული ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესაძლებლობების თავიდან ასაცილებლად კი, დამრღვევ მხარეს დაეკისროს სანქციები და კერძო სექტორზე მიყენებული ფინანსური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, რისი გარანტორიც უკვე იქნება ევროპის სამოქალაქო ავიაციის სააგენტო,“- წერს ურუშაძე.
ცნობისთვის, 2019 წლის ივლისიდან საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყდა. რუსეთიდან საქართველოში ჩაფრენა და უკან დაბრუნება მხოლოდ გადაჯდომით და მხოლოდ უცხოური კომპანიების ავიარეისების მეშვეობით არის შესაძლებელი.