"სანქციები, რომელზეც ხშირია ამ ბოლო დროს საუბარი, სამართლიანი იქნება პერსონალიების, იგივე ბიძინა ივანიშვილის მიმართ განხორციელდეს"

,,სერიოზული და ჭკვიანი ინვესტორები საქართველოში ფულის ჩადებას აღარ რისკავენ. კოვიდის პირობებში დახმარების სახით რა თანხებიც უნდა მიგვეღო, შესაძლებელია, რომ ის შეჩერდეს“ - ამის შესახებ ფინანსისტმა, გიგა ბედინეიშვილმა რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ განაცხადა.

მისი შეფასებით, სანქციები თუ დაწესდება უნდა იყოს პერსონალური და არა ქვეყნის მიმართ, რადგან მმართველი გუნდის გადაწყვეტილებები არ არის ქართველი ხალხის ნება.

,,პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით, საქართველო უკვე დიდი ხანია ითვლება არც ისე მიმზიდველ ქვეყნად. ამიტომ, ამ მხრივ არაფრის შეცვლა აღარ შეუძლია მმართველი გუნდის ბოლო გადაწყვეტილებას. სერიოზული და ჭკვიანი ინვესტორები საქართველოში ფულის ჩადებას აღარ რისკავენ.

ახლა არის ალბათობა, რომ კოვიდის პირობებში დახმარების სახით რა თანხებიც უნდა მიგვეღო, შესაძლებელია, რომ ის შეჩერდეს. ძნელი სათქმელია დანამდვილებით რამე, რადგან პირადი პოზიცია რომ ვთქვა, არც ევროპული და ამერიკული ინსტიტუტების წარმომადგენლები გამოირჩევიან ხოლმე თანმიმდევრულობით. ახლა, შეშფოთების და აღშფოთების გამოხატვა გულუბრყვილობაა და მაქსიმუმ დამაზიანებული. სანქციები კი, რომელზეც ხშირია ამ ბოლო დროს საუბარი, სამართლიანი იქნება პერსონალიების, იგივე ბიძინა ივანიშვილის მიმართ განხორციელდეს და არა საქართველოსი, რადგან ის რაც ახლა ხდება, არ არის ქართველი ხალხის ნება.

ამდენი ხანია დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ და დაბალ ბ-იზე მეტზე ვერ ავედით, რომელსაც ასე ეძახიან - ნაგავი. ამით დიდად არ უნდა ვიამაყოთ. მეორეს მხრივ, ქვეყანამ საინვესტიციო მრჩეველი დაიქირავა პრემიერისთვის. ამ დროს, მრჩევლებში საერთოდ არ არის საქმე. თუ რამე კარგი მომხდარა საქართველოში ისევ ჩვენს მიერ, ქართველების. პოლიტიკური ნებაა ამისთვის საჭირო და ფლანგვის შეწყვეტა. ამით გვექნება რეალური შედეგი“ - განაცხადა ბედინეიშვილმა ,,საქმეში“.

შეგახსენებთ, მმართველმა გუნდმა, გუშინ შარლ მიშელის გეგმა ანულირებულად გამოაცხადა და დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე უარი თქვა.

თამარ მუკბანიანი