რუსეთში მზესუმზირის ზეთის წარმოება 17%-ით შემცირდა

„როსსტატმა“ დაადგინა, რომ რუსეთში მზესუმზირის ზეთის წარმოება შემცირდა. ამის შესახებ უწყების მიმდინარე წლის პირველი ნახევრის ინდუსტრიული წარმოების სტატისტიკურ მონაცემებში წერია. იანვარ-ივნისში რუსეთში 1,1 მილიონი ტონა რაფინირებული მზესუმზირის ზეთი და მისი ფრაქციები აწარმოეს, რაც, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 17%-ით ნაკლებია. იგივე 17%-ით დაეცა არარაფინირებული მზესუმზირის ზეთის გამოშვებაც, რაც 2.7 მილიონ ტონამდე შემცირდა.

მხოლოდ ივნისში არარაფინირებული ზეთის წარმოება, „როსსტატის“ მონაცემებით, გასულ წელთან შედარებით, თითქმის, 36%-ით, 297,7 ათას ტონამდე შემცირდა, ხოლო რაფინირებული ზეთის - 15%-ით, 162,9 ათას ტონამდე.

ფედერაციის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, წლის პირველ ნახევარში მზესუმზირის მცირე მოსავლის ფონზე, გაიზარდა ამ კულტურის ექსპორტი რუსეთიდან, რამაც მზესუმზირის მარაგის კლება და შესაბამისად, ზეთის წარმოების შემცირება გამოიწვია. ახალ სეზონზე დიდ მოსავალს ელოდებიან, რაც საბაჟო და სატარიფო რეგულირების ღონისძიებებთან ერთად, შიდა ბაზარსაც უზრუნველყოფს და სტაბილურ ფასებს შეინარჩუნებს.

მიმდინარე სეზონზე, რომელიც 2020 წლის 1 სექტემბრიდან მიმდინარე წლის 31 აგვისტომდე გრძელდება, მზესუმზირის ზეთის წარმოების შემცირების მთავარ მიზეზად ნედლეულის დეფიციტი სახელდება, რადგან 2020 წელს მზესუმზირის მოსავალი ცოტა იყო. ამის შესახებ აგრარული ბაზრის კონიუნქტურის ინსტიტუტის (ИКАР) გენერალური დირექტორი, დიმიტრი რილკო აცხადებს. მისი თქმით, ბოლო რამდენიმე თვეში მეურნეობებში მზესუმზირის მარაგი რეკორდულად დაბალი იყო, რასაც ანალიტიკურ ცენტრ Совэкон-ის დირექტორი, ანდრეი სიზოვიც ეთანხმება. ის ამბობს, რომ სეზონის დასაწყისში მცირე მოსავლის ფონზე ზეთის ექსპორტი მეტად აქტიურად მიმდინარეობდა, რამაც მზესუმზირის მარაგი შეამცირა.

1 ივლისიდან 2022 წლის 31 აგვისტომდე რუსეთში მზესუმზირის საექსპორტო გადასახადი მოქმედებს, ხოლო 1 სექტემბრიდან მზესუმზირის ზეთზე მცურავი საექსპორტო გადასახადი დაწესდება და 31 აგვისტომდე იმოქმედებს.

სექტემბრიდან წარმოების ზრდასაც ვარაუდობენ, რადგან ახალ სეზონზე, 2019 წლის ანალოგიურად, რუსეთში მზესუმზირის რეკორდულ მოსავალს ელოდებიან. Совэкон-ის მიერ ივნისში განახლებული პროგნოზით, წელს მზესუმზირის მოსავალი რეკორდული იქნება და შესაძლოა, 15,9 მილიონ ტონას მიაღწიოს მაშინ, როცა 2020 წელს აღებული მოსავალი 13,3 მილიონ ტონას შეადგენდა. წლევანდელი მოლოდინი 2019 წლის მაჩვენებელზეც მეტია, როცა რუსეთში 15,4 მილიონი ტონა მზესუმზირა აიღეს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ