მხოლოდ ივლისში გერმანიაში 744 000 ახალი სამუშაო ადგილი დარეგისტრირდა

გერმანიის შრომის ფედერალური სააგენტოს მიერ, დღეს გამოქვეყნებული მონაცემებით, ქვეყანაში უმუშევრობის დონე ივლისში 5.7%-მდე შემცირდა. მიზეზი ისაა, რომ გაზაფხულზე კორონავირუსის შემცირების შემდეგ, გერმანული ეკონომიკის აღდგენის პროცესი დაიწყო. ინფორმაციას The Local ავრცელებს.

სეზონური ცვლილებების მიხედვით კორექტირებული მონაცემებით, მიმდინარე თვეში უმუშევართა რიცხვი მკვეთრად, 91 000 ადამიანით შემცირდა და ივნისში დაფიქსირებულმა 5.9%-იანმა დონემ 5,7%-მდე დაიკლო.

„შრომის ბაზარზე მდგომარეობა კვლავ უმჯობესდება. საზაფხულო არდადეგების დაწყების მიუხედავად, უმუშევრების რაოდენობა ისევ შემცირდა, ხოლო დასაქმების დონე იზრდება და ბიზნესი უკვე ახალ თანამშრომლებს ეძებს”, - აცხადებს შრომის ფედერალური სააგენტოს ხელმძღვანელი დეტლეფ შეელე.

მისი თქმით, ივლისში 744 000 ახალი სამუშაო ადგილი დარეგისტრირდა, რაც გასული წლის იმავე თვესთან შედარებით, 171 000 ადგილით მეტია.

2020 წელს, პანდემიის დაწყებამდე, ვიდრე ევროპაში ამ უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყნის მთელი რიგი სექტორები გაჩერდებოდა, გერმანიაში უმუშევრობის დონე ყველაზე დაბალი, დაახლოებით 5% იყო.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ