რა რისკების წინაშე დადგებიან პენსიონერები, თუკი პენსიის განაწილება ერთის მაგივრად რამდენიმე ბანკს ჩაბარდა?

რა ელით მთიან რეგიონებს საპენსიო პროგრამის ბანკებზე გადანაწილების შემთხვევაში?

წინასაარჩევნოდ არა ერთი პოლიტიკური ძალა თუ ლიდერი, ტრადიციულად, დაპირდა ამომრჩეველს, რომ ე.წ. საპენსიო სესხებზე განაკვეთებს „შეუმცირებდნენ“. მას შემდეგ, რაც საკითხში უკეთ ჩაიხედეს და აღმოაჩინეს, რომ ამგვარ სესხებზე არსებული საპროცენტო განაკვეთი საშუალო საბაზრო განაკვეთის ტოლი იყო და მისი განახევრება, როგორც ამას ამომრჩეველს დაპირდნენ, ფაქტობრივად შეუძლებელია, პოლიტიკური ძალები საპენსიო მომსახურების ტენდერის დაშლის ინიციატივით გამოვიდნენ, იმ საბაბით, რომ კონკურენცია ბანკებს შორის გაიზრდებოდა და პენსიონერებსაც სხვადასხვა ბანკები მოემსახურებოდნენ. სამწუხაროდ, ხშირად პოლიტიკური განცხადებები რეალობას მკვეთრად აცდენილია და მოსახლეობის, ანუ ამომრჩევლის გულის მოგებასა და მათ ემოციებზე ზემოქმედებას ემსახურება. ამიტომ, ჩვენ დავინტერესდით, რა შეიძლება მოხდეს საპენსიო ტენდერის დაშლის შემთხვევაში და ვინ მოემსახურება, ვინ მიუტანს პენსიას მთიან რეგიონში მცხოვრებ 200 ათასამდე პენსიონერს, ხომ არ მოუწევთ მათ ამ ხარჯის საკუთარი ჯიბიდან გადახდა, ხომ არ გაუარესდება მომსახურება, რაც დღეს შეუფერხებლად ხორციელდება?

როგორც აღმოჩნდა, საქართველოში მცხოვრები პენსიონერების თითქმის მეოთხედი, დღეს ისეთ სოფლებში ცხოვრობს, სადაც არც ბანკის ფილიალი და არც ბანკომატი არ ფუნქციონირებს, მათ შორის არც საპენსიო სერვისის განმახორციელებელი „ლიბერთი ბანკის". საქართველოში კი, ასეთი სოფელი, დღეისათვის 1 300-ზე მეტია.

შესაბამისად, ამ სოფლებში მცხოვრები ადამიანების საპენსიო მომსახურების ინფრასტრუქტურის აშენებას დამატებითი ხარჯები დასჭირდება. პენსიონერების მომსახურე ბანკი ვალდებულია, ყოველთვიურად, დადგენილ ვადაში, საქართველოს ნებისმიერ დასახლებულ პუნქტში, თუნდაც „ხელით მიიტანოს“ და ბენეფიციარებს კუთვნილი თანხები ნაღდი ფულის სახით დაურიგოს.

არსებული მონაცემებით, დღეს, 1 300 სოფელში მცხოვრებ 200 000 ადამიანთან პენსია „ლიბერთის“ თავისი მოძრავი სერვისცენტრების მეშვეობით, შეუფერხებლად მიაქვს. 30 ათასამდე ბენეფიციართან კი ბანკის გამსვლელ მოლარეებს თანხა სხვადასხვა ტრანსპორტით, ზოგჯერ ფეხითაც კი მიაქვთ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ სოფლებში მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ცხოვრობს. სწორედ ამ მიდგომის გამო, მთიან რეგიონებში მცხოვრები პენსიონერები, კუთვნილ თანხას ყოველთვის განსაზღვრულ დროს, დაგვიანების გარეშე იღებენ.

იმ შემთხვევაში, თუკი მომსახურება სხვადასხვა ბანკზე გადანაწილდება, ამ ადამიანებისთვის ისედაც მიზერული თანხის დროულად მიწოდება შესაძლოა გარკვეული პერიოდით შეფერხდეს. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ტენდერის დაშლა (ანუ საპენსიო გასაცემლების სხვადასხვა ბანკებზე გადანაწილება) ამ მომსახურების მნიშვნელოვნად გაძვირებას გამოიწვევს, რაც ან სახელმწიფო ბიუჯეტს უნდა დააწვეს ტვირთად, ან კიდევ უარესი შეიძლება მოხდეს და პენსიის მიწოდების საფასურის გადახდა შესაძლოა პენსიონერს თავისი ჯიბიდან მოუხდეს.

საპენსიო გასაცემლების სერვისში რამდენიმე ბანკის ჩართვის შემთხვევაში, გართულდება ადმინისტრირებაც. მაგალითად, ახლა ერთი მომსახურე ბანკის შემთხვევაში, ამ მომსახურებას მთლიანად ბანკი ახორციელებს, ტენდერის დაშლის პირობებში კი მოსალოდნელია, რომ ადმინისტრირების ტვირთი ძირითადად სახელმწიფოზე გადავიდეს. შედეგად კი, მნიშვნელოვნად გაიზრდება ხარჯი, რადგან ამ პროცესის მართვა სოციალური მომსახურების სააგენტოს მოუწევს, რომელსაც დღეს სისტემა გამართული აქვს ერთ ბანკთან ურთიერთობით. ტენდერში რამდენიმე ბანკის გამარჯვების შემთხვევაში კი, აუცილებელი იქნება გაცილებით მეტი რესურსის მობილიზება, რაც თავის მხრივ, პენსიის მიწოდების სერვისის ღირებულებაზეც აისახება.

სამწუხაროა, რომ პოლიტიკოსების ნაწილი პენსიონერების ინტერესების გათვალისწინების ნაცვლად, მხოლოდ წინასაარჩევნოდ, პოპულისტური განცხადებებით ცდილობენ ელექტორატის თვალში პოლიტიკური ქულების მოპოვებას და სიტყვას საქმე ნაკლებად მოჰყვება მათი მხრიდან. სამწუხაროდ, ხშირად არც იმ შედეგებზე ფიქრობენ, რაც შესაძლოა მათ პოპულისტურ ინიციატივებს მოჰყვეს.

დღეს სახელმწიფო არაფერს უხდის ბანკს, რომელიც პენსიებს და სხვა სოციალურ გასაცემლებს ექსკლუზიურად ემსახურება და რომელიც ყოველთვიურად, დაგვიანების გარეშე, უფასოდ არიგებს პენსიას, სოციალურ დახმარებას მთელი საქართველოს მასშტაბით. პენსიონერები და სხვა ბენეფიციარები კი ამ მომსახურებას უფასოდ იღებენ.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ სისტემამ გამართულად იმუშაოს კრიზისის დროსაც და პენსიონერებისთვის მომსახურების მიმწოდებელმა ბანკმა ეფექტურად განახორციელოს პროცესის მართვა და მოახერხოს სერვისის უწყვეტობა და მისი ხარისხის შენარჩუნება. ამ ამოცანის დიდი მნიშვნელობა ყველასთვის ნათლად გამოჩნდა გლობალური პანდემიის დროს გამოცხადებული ხანგრძლივი „ლოქდაუნის“ პირობებში, როცა სრული ჩაკეტვის პირობებშიც კი მოსახლეობა პენსიასა და სოციალურ გასაცემლებს შეუფერხებლად და დროულად იღებდა.

ყველას ახსოვს, პანდემიის პიკში, სწორედ იმიტომ, რომ არ მომხდარიყო ერთდროულად პენსიის გაცემით რიგების ზრდა, რაც გამოიწვევდა ინფიცირების მატებას ასაკოვან მომხმარებელში, ლიბერთიმ სწრაფი ადმინისტრირებით გაანაწილა მომხმარებელი და ყველას ინდივიდუალური დღე განუსაზღვრა სერვისის მისაღებად.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, დიდი ქალაქების, მჭიდროდ დასახლებული სოფლების და რაიონების გარდა, გააზრებულად გადაწყდეს მთიან რეგიონებში მცხოვრებთათვის პენსიების დარიგების საკითხი და პოლიტიკური პოპულიზმის გამო, ათასობით ჩვენი თანამოქალაქე, სახელმწიფოსთან და ბიზნესთან ერთად, დაზარალებული არ აღმოჩნდეს.