ვაქცინირებულ ადამიანებში, მეორე დოზის მიღებიდან ოთხიდან ექვს თვეში Pfizer-ის Covid-19 ვაქცინის ეფექტიანობა სტაბილურად მცირდება და 84%-მდე ჩამოდის. ამის შესახებ CNBC-ის კომპანია Pfizer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალბერტ ბურლამ განუცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული კომპანიის მიერ დაფინანსებულ ახალი კვლევის შედეგებს ემყარება, რომელსაც ჯერ ექსპერტული შეფასება არ მიუღია. კვლევა მას შემდეგ ჩატარდა, რაც იმუნიტეტის გასაძლიერებლად კოვიდვაქცინის მესამე დოზის საჭიროების გამო, წამლის მწარმოებელს აშშ-ს ჯანდაცვის ჩინოვნიკები დაუპირისპირდნენ
კვლევამ აჩვენა, რომ მეორე დოზის მიღების შემდეგ, ვაქცინა 96.2%-ით ყველაზე ეფექტურია ერთი კვირიდან ორი თვის ვადაში, ხოლო ყოველ ორ თვეში, საშუალოდ, 6%-ით იკლებს. კვლევაში აშშ-სა და სხვა ქვეყნებში 44 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
„ეფექტიანობამ ოთხიდან ექვს თვეში, დაახლოებით, 84% შეადგინა. ჩვენ, ასევე, დავაკვირდით ისრაელიდან შემოსულ მონაცემებს, რომ იმუნიტეტი მცირდება, ეს კი გავლენას ახდენს იმაზე, რაც მანამდე ჰოსპიტალიზაციას 100%-ით გამორიცხავდა. კარგი ამბავი ისაა, რომ ჩვენ მეტად დარწმუნებული ვართ მესამე დოზის, ბუსტერის ეფექტიანობაში, რომელიც იმუნიტეტს იმ დონემდე ამაღლებს, რაც საკმარისია დელტა შტამისგან დასაცავად“, - აცხადებს ბურლა.
Pfizer გეგმავს, აშშ-ს მარეგულირებელ ორგანოებს Covid ვაქცინის მესამე დოზის გამოყენების შესახებ ოფიციალური მონაცემები აგვისტოს შუა რიცხვებისთვის წარუდგინოს.
თვის დასაწყისში, როცა Pfizer-მა თავისი გეგმების შესახებ პირველად განაცხადა, სურსათისა და წამლის ხარისხის სანიტარული ზედამხედველობის სამმართველომ და დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, რომლის შემდეგაც კომპანიამ უკან დაიხია იმ არგუმენტით, რომ „სრულად ვაქცინირებულ ამერიკელებს ამ ეტაპზე ბუსტერი არ სჭირდებათ".
ამ დროისთვის CDC და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია Covid ვაქცინის გამაძლერებელ დოზაზე რეკომენდაციას არ იძლევიან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის იმუნიზაციის, ვაქცინებისა და ბიოლოგიური პრეპარატების დირექტორმა, დოქტორმა ქეით ო’ბრაიენმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია ჯერ ისევ იკვლევს ბუსტერ-ვაქცინის საჭიროებას.
„ამ ეტაპზე რეკომენდაციის მისაღებად საკმარისი ინფორმაცია არ არსებობს. ტარდება უამრავი კველვა, რომ მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეკომენდაციის გაცემა შევძლოთ“, - აცხადებს ო’ბრაიენი.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ