CNN - მსოფლიო ბრენდები სამეწარმეო ხარჯების დასაფარად პროდუქციას აძვირებენ - დგება თუ არა ინფლაციის ახალი ერა

CNN-ის ცნობით, მსოფლიოს უმსხვილესი საკვები და სასმელი პროდუქტების კომპანია Nestlé წლის მეორე ნახევარში ფასებს გაზრდის, რადგან ინფლაციის გამო კომპანიას ნედლეულსა და ტრანსპორტირებაზე, ანუ სამეწარმეო ხარჯები გაეზარდა.

„ინფლაცია მრავალი წლის განმავლობაში პრაქტიკულად არ არსებობდა, შემდეგ კი მკვეთრად გაჩნდა, რამაც პირდაპირ ჩვენ დაგვარტყა“, - აცხადებს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი მარკ შნაიდერი.

მისი თქმით, ინფლაცია გარდამავალია, მაგრამ ისეთი ბრენდების მფლობელ კომპანიას, როგორიცაა, მაგალითად, Nescafe, Gerber და Cheerios, ფასების, დაახლოებით 2%-ით გაზრდა მაინც მოუწევს, რათა 4%-იანი სამეწარმეო ხარჯები აინაზღაუროს. Nestlé-მ ფასები 1,3%-ით მიმდინარე წლის პირველ ნახევარშიც გაზარდა.

შნაიდერი განმარტავს, რომ კომპანიამ, მაგალითად, ყავის ფასების ზრდით გამოწვეული ხარჯების ზრდას შესაძლოა, გაუძლოს, მაგრამ მას არ შეუძლია, თავიდან აიცილოს ტრანსპორტირების მზარდი ღირებულება, რაც გავლენას ახდენს კომპანიის რენტაბელობაზე.

Nestlé წელს მოგებას 17.5%-იანი მარჟით პროგნოზირებს, რაც მცირედი კლებაა და ნაწილობრივ ასახავს „დროის შეფერხებებს სამეწარმეო ღირებულების ინფლაციასა და ფასების წარმოქმნას შორის“. ამის მიუხედავად, კომპანიამ მიმდინარე წლის გაყიდვების პროგნოზი 5%-დან 6%-მდე გაზარდა.

გასულ კვირას Nestlé-ს კონკურენტმა, Unilever-მა განაცხადა, რომ სამეწარმეო ხარჯების საპასუხოდ, რამდენიმე ბაზარზე და პროდუქტის ზოგ კატეგორიებში ფასებს ზრდის. Unilever-მა, რომელიც ცნობილი ბრენდების, მათ შორის, Ben & Jerry's-ის მფლობელია, სოიოს ზეთის ფასების მაგალითი დაასახელა, რომელიც გასულ კვარტალში, წინა წელთან შედარებით, 20%-ით, მიმდინარე კვარტალში კი 80%-ით გაიზარდა. ასევე, პალმის ზეთის ფასი გრძელვადიან საშუალო მაჩვენებელს 70%-ით აღემატება.

„ინფლაცია ჩვენზე გავლენას ახდენს ხარჯების მთელ სპექტრში, როგორიცაა ნედლეული, შეფუთვა და განსაკუთრებით, ტრანსპორტირება და მომარაგება“, - აცხადებს Unilever-ის ფინანსური დირექტორი, გრემ პიტკეტლი.

CNN-ის შეფასებით, „მთავარი კითხვა ისაა, არის თუ არა დეფიციტი და ფასების ზრდა - პანდემიის უკუჩვენების დროებითი მოვლენები, თუ გლობალური ეკონომიკა იცვლება ისე, რომ ბიზნესის კეთების ხარჯები სამუდამოდ იზრდება და შედეგად, ინფლაციის ახალი ეპოქა დგება, რაც მომხმარებელთა ყიდვისუნარიანობას დაარტყამს.“

მოამზადა ლადო სულაბერიძემ