ზურაბ ჯაფარიძე: ქვეყანაში ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაშია

საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ქვეყანაში ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაშია.

როგორც ჯაფარიძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, წლევანდელი ბიუჯეტი მნიშვნელოვნად არის გარღვეული. ,,შევეცდები სიცრუის გარკვეული ნაკადი გადმოვცე. ამ ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია სახელმწიფო სტრუქტურების ვებ-გვერდებზეც. ოქტომბრის თვის ეკონმიკური მონაცემები გამოქვეყნდა და მინდა ზოგიერთ მათგანს შევეხო, რომლის მიხედვითაც, ექსპორტი ნოემბერში არის კატასტროფულად შემცირებული. ასეთი ვარდნა დიდი ხანია არ გვქონია. რაც შეეხება იმპორტს, ის 7 პროცენტითაა შემცირებული. მნიშვნელოვანი პრობლემებია ფულად გზავნილებზე, რაც საბოლოოდ ლარის კურსზეც აისახება. წმინდა გზავნილებს თუ ავიღებთ, გვაქვს კლება. მთავრობას სერიოზული პრობლემა აქვს, აითვისოს ფული, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციები გვაძლევენ იმისთვის, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები განვახორციელოთ. შემოსულობებს დღეის მდგომარეობით აკლია 460 მილიონი ლარი და ჩვენ დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლევანდელი ბიუჯეტიც მნიშვნელოვნად არის გარღვეული. ამ ყველაფრის შედეგი არის ის, რომ კვლავ ფიქსირდება ფასების მატება სურსათზე. საბოლოოდ, გაუგებარია რას აპირებთ. ყველა ინვესტორი სვამს კითხვას, რა უნდა ამ ხელისუფლებას", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ პლენარულ სხდომაზე.