საქსტატი: 2020 წელს საწოლთა ფონდი 6.3%-ით გაიზარდა - როგორ შეიცვალა ჯანდაცვის სისტემა პანდემიის პირობებში

ოფიციალური მონაცემებით, 2020 წელს გაიზარდა საავადმყოფოში დაყოვნების მაჩვენებელი 4.9 დღიდან 5.6 დღემდე.

„საქსტატის“ მონაცემებით, 2020 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა 264 საავადმყოფო, საწოლთა ფონდი კი 18.6 ათასს შეადგენდა, რაც 6.3%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. საავადმყოფოში დაყოვნების მაჩვენებელმა 5.6 დღე შეადგინა (2019 წელს - 4.9 დღე), ხოლო დატვირთვამ - 190.7 დღე (2019 წელს - 179.5 დღე).

ქვეყანაში ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებების რაოდენობა 2 286 ერთეულს შეადგენდა. აღნიშნულ დაწესებულებებში ექიმთან მიმართვების რიცხვი წლის განმავლობაში 13 686 ათასს გაუტოლდა, რაც 1.6 პროცენტით აღემატება 2019 წლის შესაბამის მაჩვენებელს.

2020 წლის მონაცემებით, სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული ექიმების რიცხოვნობამ 25.4 ათასი შეადგინა, ხოლო საექთნო პერსონალის რიცხოვნობამ - 22.1 ათასი.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტი 2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის მაჩვენებლების ანალიზისას აქვეყნებს.

მათივე ცნობით, წინა წელთან შედარებით პირველად დადგენილი დიაგნოზით რეგისტრირებული დაავადებების რაოდენობა შემცირებულია თითქმის ყველა დაავადებათა ძირითადი ჯგუფისთვის.

კერძოდ, საჭმლის მომნელებელი სისტემის ავადმყოფობების მაჩვენებელი შემცირდა 82.6 პროცენტით, მშობიარობის და ლოგინობის ხანის - 75.5 პროცენტით, ზოგიერთი ინფექციური და პარაზიტული ავადმყოფობების - 36.7 პროცენტით, თვალისა და მისი დანამატების ავადმყოფობების - 35.4 პროცენტით, კანისა და კანქვეშა ქსოვილის ავადმყოფობების - 31.3 პროცენტით, შარდ-სასქესო სისტემის ავადმყოფობების - 29.1 პროცენტით, ხოლო ორსულობის, პერინატალურ პერიოდში წარმოშობილი ცალკეული მდგომარეობის - 13.3 პროცენტით.

თამარ მუკბანიანი