აღმოჩნდება თუ არა საქართველო ნუშის მწარმოებელი ქვეყნების ათეულში - რა პერსპექტივები აქვს პროდუქტს

„საქართველოს შანსი აქვს მომავალ 10 წელში საპატიო ადგილი დაიმკვიდროს ნუშის მწარმოებელი ქვეყნების სიაში“, - ამის შესახებ ნუშის და კაკლის ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ზურაბ ხოჭოლავამ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ნუშის კომერციული ბაღების გაშენება საქართველოში 2015 წლიდან დაიწყო. მანამდე მცირე რაოდენობით არსებობდა. ამასთან, ნუშის კომერციული ბაღების ფართოდ გავრცელებასა და განაშენიანებაში დიდი როლი სახელმწიფო პროგრამამ, „დანერგე მომავალი“ შეასრულა, რომლის ფარგლებშიც ნუშის ბაღების უმეტესობა გაშენდა და პროცესი დღემდე აქტიურად მიმდინარეობს.

როგორც ზურაბ ხოჭოლავა ამბობს, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში სულ 4500 ჰა-მდე ნუშის ბაღია გაშენებული. თუმცა იქედან გამომდინარე, რომ ეს ტენდენცია მზარდია, ასოციაცია ელოდება, რომ შემდეგ წლებში ეს მაჩვენებელი მკვეთრად გაიზრდება.

„2021 წელი იქნება პირველი წელი, როდესაც ქვეყანაში მნიშვნელოვანი რაოდენობის ნუში იწარმოება.

მოგეხსენებათ, პირველი ბაღები რომლებიც 2015-2016 წლებში გაშენდა, სწორედ წელს შევიდა სრულ მსხმოიარობაში და ამ ბაღებიდან სრულ მოსავალს ფერმერები წელს მიიღებენ. შესაბამისად, ყოველწლიურად უფრო და უფრო გაიზრდება ნუშის წარმოება.

კაკლისა და თხილისგან განსხვავებით, საქართველოში ნუში ფართოდ არ გამოიყენებოდა, შესაბამისად აქამდე არც ზუსტი სტატისტიკა არსებობდა, თუ რაოდენობის ნუშს აწარმოებდა ქვეყანა.

შეგვიძლია გაგიზიაროთ ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის საპროგნოზო მაჩვენებლები, რომელიც ეყრდნობა ქვეყანაში ნუშის მწარმოებელთა აღრიცხულ ბაზებს.

ჩვენი გათვლებით, წელს საქართველო დაახლოებით 1,500 ტონა ნუშის მოსავალს მიიღებს, რომელთა დიდ ნაწილს ადგილობრივი ბაზარი აითვისებს. მომავალი წლიდან, თუ ადგილობრივი ინდუსტრია მომზადებული შეხვდა სეზონს, აუცილებლად დაიწყება ქართული ნუშის ექსპორტი.

აქვე გასათვალისწინებელია, რომ კაკლისგან და თხილისგან განსხვავებით, საერთაშორისო ვაჭრობის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ნაჭუჭიანი ნუშის ექსპორტი შედარებით იშვიათობაა. შესაბამისად, მომავალი წლიდან ინდუსტრიაში უნდა გამოჩნდეს გადამამუშავებლები, რომლებიც ადგილობრივად მოყვანილ ნუშს გადაამუშავებენ და ნუშს საექსპორტოდ მოამზადებენ. ნუშის და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის გათვლებით, მომავალ სეზონს ინდუსტრია უკვე დაახლოებით 3-4 თანამედროვე ტიპის გადამამუშავებლით შეხვდება.

აქვე შემოგთავაზებთ ასოციაციის პროგნოზს, თუ რა რაოდენობით ნუშის მოსავალს უნდა ველოდოთ მომავალ წლებში.

pirveli-cxriliiiiii-1627642172.png

ეს გაანგარიშება დაფუძნებულია მხოლოდ 2020 წლამდე გაშენებული ბაღების მონაცემებზე. თუ გავითვალისწინებთ, რომ ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი ბაღების გაშენება მიმდინარეობს, 5-6 წლის შემდეგ გაცილებით დიდი რაოდენობით ნუშის მოსავალს მივიღებთ“,- ამბობს ზურაბ ხოჭოლავა.

მისივე ინფორმაციით, გაშენებული ნუშის ფართობებით რეგიონების შორის ლიდერობს კახეთი, კერძოდ საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სადაც მთელი ინდუსტრიის ფართობის ნახევარი მოდის. ზოგადად კი, ნუში საქართველოს მხოლოდ სამ რეგიონშია გაშენებული: კახეთში, ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში.

რაც შეეხება ნუშის ბაღების ფართობების პროცენტულ გადანაწილებას რეგიონების მიხედვით, ასოციაციის მონაცემებით, ასეთია:

meore-cxriliiiiiiii-1627642196.png

როგორც ზურაბ ხოჭოლავა ამბობს, საქართველოში გაშენებული ნუშის ბაღების უმეტესობა (99%) კომერციული ბაღებია. მისი თქმით, ეს აგრო კულტურა საკმაოდ მომგებიანია და სწორი მენეჯმენტის პირობებში, შესაძლებელია ბაღების გაშენებიდან მეექვსე წელს მიღებულმა შემოსავლებმა სრულად დაფაროს საინვესტიციო და ბაღის მოვლის ხარჯები.

„თუმცა, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ნუშის ინდუსტრია ძალიან ახალია საქართველოში და არ გაგვაჩნია შესაბამისი გამოცდილება. სწორედ ამ მიზნით ჩამოყალიბდა ასოციაცია, რათა ამ სექტორში მომუშავე ფერმერებს გაუზიაროს საერთაშორისო გამოცდილება და რაც შეიძლება ნაკლები შეცდომებით განვავითაროთ ინდუსტრია.

ნუში საკმაოდ პერსპექტიული, საექსპორტო პროდუქტია. ადგილობრივი კლიმატიდან და გაშენებული ბაღების ფართობებიდან გამომდინარე საქართველოს შანსი აქვს მომავალ 10 წელში საპატიო ადგილი დაიმკვიდროს ნუშის მწარმოებელი ქვეყნების სიაში.

მოგეხსენებათ, მსოფლიოში წარმოებული ნუშის 80 პროცენტი კალიფორნიაზე მოდის, მას მოჰყვება ესპანეთი, ირანი და ა.შ. სწორი მენეჯმენტის ფარგლებში შესაძლებელია, 10 წლის შემდეგ საქართველო აღმოჩნდეს ნუშის მწარმოებელი ქვეყნების ათეულში. აქვე აღვნიშნავთ, რომ ეს შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუკი ნუშის ბაღების ფართობები გაიზრდება და ნუშის ადგილობრივი ინდუსტრია სწრაფად აითვისებს საერთაშორისო გამოცდილებას“,- ამბობს ნუშის და კაკლის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.

კითხვაზე, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ქართული ნუში ისეთივე წარმატებული საექსპორტო პროდუქტი გახდეს, როგორც ეს თხილის შემთხვევაშია? - ზურაბ ხოჭოლავა პასუხობს: - „ის რომ საქართველო თხილის მწარმოებელთა ქვეყნების სიაში საპატიო ადგილს იკავებს, მხოლოდ კარგად თუ აისახება ნუშის ინდუსტრიაზე. ზოგადად ყველა ის დიდი ევროპელი შემსყიდველი, რომელიც საქართველოში ყიდულობს თხილს, ასევე დაინტერესებულია იმავე ქვეყნიდან სხვა კაკლოვანი პროდუქტის შესყიდვით. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ქართული თხილის გამოცდილება და ცნობადობა საერთაშორისო ბაზრებზე გარკვეულწილად გზას გაუხსნის ქართულ ნუშს.

ამასთან, აუცილებელია კარგად გავაანალიზოთ ყველა ის პრობლემა, რომელიც თხილის ინდუსტრიას შეხვდა ბოლო წლების განმავლობაში. ვფიქრობთ, თხილის გამოცდილება ძალიან კარგი გაკვეთილი შეიძლება გამოდგეს ნუშის ინდუსტრიის განვითარებისთვის.

რაც შეეხება თხილის და ნუშის შედარებას, 2020 წელს საქართველოში დაახლოებით 30 ათასი ტონა გაუტეხავი თხილის მოსავალი მივიღეთ. იმისათვის, რომ ნუშის ადგილობრივი წარმოება მომავალ 10 წელიწადში ანალოგიურ მაჩვენებლებზე გავიდეს, აუცილებელი იქნება გაშენებული ნუშის ბაღების ფართობების მინიმუმ გასამმაგება, რაც ძალიან რეალისტურია“.

ნინი ქეთელაური