დავით ნარმანიას ინფორმაციით, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში აბონენტებს ჯამში, 1 110 000 ლარი უკან დაუბრუნდა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას ინფორმაციით, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში აბონენტებს ჯამში, 1 110 000 ლარი უკან დაუბრუნდა, რაც არასწორად ან ზედმეტად დარიცხული თანხა იყო. მისივე თქმით, აბონენტებს 200 ათასი ლარის ოდენობის ხანდაზმული დავალიანება ჩამოეწერათ.

„სემეკში 3 300-მდე განცხადება შემოვიდა, რომელთაგანაც 1250-მდე განცხადება ელექტროენერგიის სექტორს ეხებოდა, 1300-ზე მეტი - ბუნებრივი გაზის სექტორს, 700 განცხადება - წყალმომარაგების სექტორს. მარეგულირებელი კომისიის მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ჯამში, სამივე სექტორში მომხმარებლებს უკან დაუბრუნდა მილიონ 110 ათასი ლარი - ეს იყო არასწორად ან ზედმეტად დარიცხული თანხა.

გარდა ამისა, მოქმედებს ხანდაზმულობის წესი. როცა 3 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არის დარიცხული და გადაუხდელი თანხა, ასეთ შემთხვევაში ის ჩამოწერას ექვემდებარება. 2020 წლის განმავლობაში ხანდაზმული დავალიანებების ჩამოწერის თაობაზე 311 განცხადება მივიღეთ და ჯამში, აბონენტებს 200 ათასი ლარის ოდენობის ხანდაზმული დავალიანება ჩამოეწერათ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე.

მისივე ინფორმაციით, გასული წლის განმავლობაში, სემეკის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ხარვეზებიდან გამომდინარე, მომხმარებლების სასარგებლოდ, კომპანიებს კომპენსაციები დაერიცხათ - ჯამში, დარიცხულ იქნა 283 ათასი ლარი.

„ძირითადი ნაწილი - 160 ათასი ლარი GWP-სა და „ენერგო-პრო ჯორჯიაზე“ მოდის. აღნიშნული დარიცხვები იმის გამო განხორციელდა, რომ ახალი აბონენტები სემეკის მიერ დადგენილ ვადებში ვერ მიაერთეს. პირველ ეტაპზე, მიერთების საფასურის განახევრება ხდება, შემდეგ პირი მიერთების საფასურისგან სრულად თავისუფლდება. ჯამში, ჩვენ მიერ კომპენსაციების სახით დარიცხვებმა 283 ათასი ლარი შეადგინა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს სემეკის საქმიანობის 2020 წლის ანგარიში წარუდგინა.