გვალვების გამო ამერიკელი მებაღეები საგანგებო მდგომარეობის შემოღებას ითხოვენ

ორეგონისა და ვაშინგტონის ხილის მწარმოებლებმა ამ შტატების გუბერნატორებს მიმართეს თხოვნით, რომ შეერთებული შტატების ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში ანომალიური სიცხისა და გვალვის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადონ. ინფორმაციას FruitNews ავრცელებს.

აშშ-ს მოცვის მწარმოებელთა საბჭომ გამოაქვეყნა პოდკასტი, რომელიც ჩრდილო-დასავლეთ შტატების მწარმოებელთა შეხედულებებს აჯამებდა. პოდკასტის მიხედვით, გარკვეული დრო დასჭირდება იმ ზარალის სრულად შეფასებას, რომელიც მოსავალს პიკის მომენტში დაატყდა თავს, კერძოდ, მოცვის მოსავალი 40-50%-ით შემცირდა.

„შეერთებული შტატების ჩრდილო-დასავლეთში უკიდურესმა სიცხემ ნაყოფის ზრდა შეაჩერა და უარყოფითად იმოქმედა კენკრის ხარისხზე. მთავარი პრობლემა კენკრის გადამწიფებაა“, - ნათქვამია Markon Cooperative-ის ყოველწლიურ ანგარიშში, მოსავლის მდგომარეობის შესახებ.

გასულ თვეს ჰაერის ტემპერატურა იმდენად მაღალი იყო, რომ მაღაზიები იძულებული გახდნენ, თაროებიდან კენკრა ამოეღოთ, რადგან მათ პროდუქციის სათანადო გაგრილება არ შეეძლოთ. მაგალითად, პორტლანდში ჰაერის ტემპერატურა 45°C- ს, სიეტლში კი 47°C-საც აღწევდა.

მიუხედავად იმისა, რომ კენკროვანი მეურნეობები გვალვების გამო დიდ დანაკარგს უჩივიან, ბლის მწარმოებლებმა თავიანთი მოსავლის დასაცავად მთელი რიგი ღონისძიებების გატარება შეძლეს. ისინი ხილის ბაღების სიცხისგან დასაცავად მასხურებლებსა და ბადეებს იყენებენ.

აშშ-ის ჩრდილო-დასავლეთის ბლის მწარმოებელთა და ამავე დროს, ვაშინგტონის მევენახეთა კომისიების ვიცე-პრეზიდენტი, ჯეიმს მაიკლი განმარტავს, რომ მაღალი ტემპერატურა ბლის ბაღებზეც უარყოფითად აისახება, მაგრამ მწარმოებლებს ჯერ კიდევ აქვთ არსენალში ანომალურ ტემპერატურასთან ბრძოლის საშუალებები, როგორიცაა, მაგალითად მასხურებლები და დაჩრდილვის ბადეები.

წელს შეერთებული შტატების ჩრდილო-დასავლეთში ტკბილი ბლის მოსავალი 203 ათასი ტონაა, რაც 17%-ით მეტია, ვიდრე იყო 2020 წელს, როდესაც ბლის მოსავალმა 180 ათასი ტონა შეადგინა. ივნისში ბაზარს 93 ათასი ტონა, ივლისში კი 103 ათასი ტონა ტკბილი ბალი მიეწოდებოდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ