ბრიტანეთის რკინიგზამ სატვირთო მატარებელი მცენარეულ ზეთზე მომუშავე ლოკომოტივით წარმოადგინა

დიდი ბრიტანეთის რკინიგზის მინისტრმა კრის ჰიტონ-ჰარისმა, ნოტინჰემშირის დასახლება ტოტონის დეპოში ლოკომოტივი, სახელწოდებით - „კლიმატის გმირი" წარმოადგინა, რომელიც გადამუშავებულ მცენარეულ ზეთზე მუშაობს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ქვეყნის ტრანსპორტის დეპარტამენტის მონაცემებით, ლოკომოტივს ნახშირორჟანგის შემცირება, დიზელთან შედარებით, 90%-ით შეუძლია. ის საფრანგეთსა და ჩეხეთში კვირაში ასობით ჰიბრიდულ ავტომობილს გადაიყვანს, რომლებსაც კომპანია Toyota დერბიშირის საგრაფოში აწარმოებს.

ლოკომოტივი „კლიმატის გმირი" სარკინიგზო სატვირთო ოპერატორ DB Cargo UK-ს ეკუთვნის, რომელიც HVO-ს ჰიდროდამუშავებული მცენარეული ზეთის გამოყენებაზე ცდებს ატარებდა.

„ჩვენ HVO-ს გამოცდაში Toyota-სთან თანამშრომლობით აღფრთოვანებული ვართ და კომპანიას ევროპასთან გადაზიდვებში მოვემსახურებით. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც HVO-ს ზეთის საწვავს საავტომობილო სერვისისთვის და კონტინენტზე მგზავრობისთვის ვიყენებთ", - აცხადებს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ანდრეა როსი.

DB Cargo UK-ს გაცხადებული აქვს, რომ HVO-ს ჰიდროდამუშავებულ მცენარეულ ზეთს მთელი თავისი სატვირთო მატარებლების საწვავად გამოიყენებს, რომლებიც ლესტერშირის ტარმაკის მხარესა და ბირმინგემის ასფალტის ქარხანას შორის მოძრაობენ.

DB Cargo UK დიდ ბრიტანეთში ყველაზე მსხვილი სარკინიგზო სატვირთო ოპერატორია. მისი ამჟამინდელი პარკი 176 ოპერაციული დიზელის ლოკომოტივისგან შედგება. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ ამ ლოკომოტივების უმრავლესობას მალე HVO-ს ზეთზე გადააწყობენ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ