,,პერმანენტულად მიდის ტურების გაუქმება, ან გადავადება“ – Caucasus travel

,,პერმანენტულად მიდის ტურების გაუქმება, ან გადავადება“, - ამის შესახებ რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ Caucasus travel-ის დამფუძნებელმა განაცხადა.

საბა კიკნაძის თქმით, ქვეყანამ გასული წლიდან ვერაფერი ისწავლა და დღეს, სექტორის მძიმე მდგომარეობას პოლიტიკური და ეპიდ სიტუაცია ერთნაირად განაპირობებს.

,,ხელისუფლების მთავარი ამოცანა პოლიტიკური დივიდენდების მიღებაა. ჩვენი, ბიზნეს სექტორის კი რეალური მოგება, რეალური შემოსავალი და კეთილდღეობაა იმ ადამიანების, რომელებიც ჩვენი დასაქმებულები არიან და ყოველდღიურად თვალებში ვუყურებთ. ამიტომ, ჩვენ არაფერს ვფუთავთ და არაფერს ვალამაზებთ. არ შეგვყავს საზოგადოება შეცდომაში, შეუდარებელი პარამეტრების ერთმანეთთან შედარებით. გვეუბნებიან, რომ ადამიანი 1000-ჯერ სწრაფად მირბის იმასთან შედარებით, ვიდრე როცა წაქცეული იყო. ხშირად ხდება ამით მანიპულირება.

რა შევძელით ტურისტულ სექტორში? ვერაფერი. ამას ვამბობ იმიტომ, რომ გასულ წელს, გვქონდა შესაძლებლობა გაგვევლო რეპეტიცია, როგორ უნდა მოხდეს კოვიდის და ტურიზმის თანაცხოვრება, მაგრამ წელს, ბათუმში შარშანდელ შეცდომებს იმეორებენ. იქ რეგულაციებს არავინ იცავს, თუ კამერებთან არ ხვდებიან. ვერ შევძელით ვაქცინაცია და იმუნიზაცია. თუ ხელისუფლების განცხადებები მიღწევების შესახებ გულისხმობს იმას, რომ ნულიდან დავიძარით, დიახ, ეს ნამდვილად ასეა. საამაყო დღეს არაფერი გვაქვს.

ქვეყანაში, მაღალბიუჯეტიანი ტურისტები აღარ შემოდიან. არ ვართ ამ მხრივ გამონაკლისი, ყველას კლება აქვს, მაგრამ არა ამ მასშტაბის. როგორ უნდა ჩამოვიდეს წარმატებული ადამიანი, რომელსაც დასვენება უნდა ქვეყნაში, რომელიც ავადობის და სიკვდილიანობის მაჩვენებლებით მოწინავეა. პლიუს ამას, შენმა ქვეყანამ წითელ ზონად გამოაცხადა, ძალიან ცოტა ჰყავს აცრილი და ბენეფიტად მოჰყვება განსხვავებული ადამიანების ქუჩაში ცემა.

ასეთი არათანმიმდევრული მართვა ცალსახად გამოიწვია იმან, რომ პოლიტიკაზე იყო ყველაფერი გათვლილი, ამას ვხედავდით ექიმების და მთავრობის წევრების განცხადებების განსხვავებაში და ბოლოს, მაინც არ ხდებოდა ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების აღსრულება.

პერმანენტულად მიდის ტურების ან გაუქმება, ან გადავადება. პროცესი ივლისიდან დაიწყო. 5 ივლისს მოჰყვა ტალღა ერთჯერადი გაუქმებების. არიან ადამიანები, რომლებიც დღემდე ფიქრობენ, რომ მერე ჩამოვლენ საქართველოში, როცა 100%-ით ეცოდინებათ, რომ საყურის გამო არავინ სცემს ქუჩაში. თუმცა მაინც არის ორივე კომპონენტი, პოლიტიკური და ეპიდემიოლოგიური, მხოლოდ ერთი ვერ იქნება გადამწყვეტი“- განაცხადა საბა კიკნაძემ ,,საქმეში“.

თამარ მუკბანიანი