საქართველოში წელს ღვინის ექსპორტის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

ბოლო 20 წლის მანძილზე საქართველოში ღვინის ექსპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ღვინის ექსპორტის მაჩვენებლებმა ემბარგომდე არსებულ სტატისტიკურ მაჩვენებლებს გადააჭარბა. კერძოდ, 2014 წლის 15 დეკემბრის მონაცემებით, ექსპორტირებულია 59 მლნ ბოთლი, რომელიც თანხაში არის 183 მლნ აშშ დოლარი.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, 2005 წლის მონაცემებით, სულ ექსპორტირებული იყო 57 მლნ ბოთლი, რომელიც თანხაში იყო 80 მლნ დოლარი. 2005 წლისთვის რუსეთის წილი მთლიან ექსპორტში 88% იყო და დიდწილად ფალსიფიცირებულ, არაყურძნისეულ ღვინოს წარმოადგენდა. ახლა რუსეთის წილი 64%-მდე შემცირდა ბაზრების დივერსიფიკაციის ხარჯზე.

სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ექსპორტი აღმოსავლეთ ევროპის, ჩინეთისა და იაპონიის სტრატეგიულ და ამასთანავე მზარდ ბაზრებზე ხორციელდება.