დავით ნარმანიას განცხადებით, სემეკში „თელმიკოსთან“ დაკავშირებით 50-მდე საჩივარი შევიდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, კომისიაში კომპანია „თელმიკოსთან“ დაკავშირებით 50-მდე საჩივარი შევიდა.

დავით ნარმანიას თქმით, ზოგიერთ ნაწილში თანხების არასწორი დარიცხვა იკვეთება.

მისივე განმარტებით, თუ საკითხის მასშტაბურობა დადასტურდა, რეაგირება უმკაცრესი იქნება და კომისია მაქსიმალურ ფინანსურ სანქციებს გამოიყენებს.

„მარეგულირებელი კომისია სწავლობს 50-მდე განაცხადს, რომელიც ჩვენთან შემოვიდა „თელმიკოსთან“ დაკავშირებული საჩივრის სახით. მნიშვნელოვანია ის, რომ ზოგიერთ ნაწილში იკვეთება თანხების არასწორი დარიცხვა - საიდან გამომდინარეც ერთი საფეხურიდან მეორე საფეხურზე მოხდა მომხმარებელთა გადაყვანა და შესაბამისად, მათ უფრო მაღალი ტარიფი მიეყენათ კომპანიის მიერ. ამ და სხვა საკითხებს ჩვენ დეტალურად შევისწავლით და 12 აგვისტოს სხდომაზე იქნება საკითხის მოსმენა. შესაბამისად, შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენი მხრიდან რეაგირება იყოს უმკაცრესი. იმ შემთხვევაში თუ საკითხის მასშტაბურობა დადასტურდება, მაშინ გამოვიყენებთ მაქსიმალურ ფინანსურ სანქციებს. პირველადი მოკვლევით არის მარეგულირებელი კომისიის მიერ დადგენილი წესის და რეგულაციების უგულებელყოფა, არასწორი დარიცხვები და შესაბამისად, ყველა ამ საკითხს ჩვენი მხრიდან ექნება სათანადო რეაგირება.

ჩვენი მარეგულირებელი ნორმები დეტალურად განმარტავს რა და როგორ უნდა გააკეთოს კომპანიამ, ამდენად მათ უნდა იხელმძღვანელონ ამით და არ უნდა გადაუხვიონ. ჩვენი მთავარი საზრუნავი იქნება ის, რომ პრევენციულადაც ვიმუშაოთ და ვმუშაობთ კიდეც, თუმცა მათ გარკვეული შეცდომები როგორც ჩანს დაუშვეს და ჩვენ მათ დავავალეთ, რომ ყველა ნახევარ მილიონამდე აბონენტი, რომელიც ჩვენ თბილისში გვყავს, ყველა მათგანის დარიცხვებს გადახედონ და ყველა მათგანის დარიცხვებში, სადაც კი არასწორად არის დარიცხვები დააკორექტირონ, ხოლო ის შეცდომა რაც დაუშვეს ამისთვის იქნება სწორედ მაქსიმალური პასუხისმგებლობის ფორმა გამოყენებული და თუ განმეორებას ექნება ადგილი, ამ შემთხვევაში ჯარიმებიც გაორმაგებული იქნება“, - განაცხადა ნარმანიამ.