გიორგი გახარია გუდაურში ადგილობრივ მეწარმეებს და სასტუმროების წარმომადგენლებს შეხვდა

გიორგი გახარია გუდაურში ადგილობრივ მეწარმეებს და სასტუმროების წარმომადგენლებს შეხვდა.

ღონისძიებას გიორგი გახარიასთან ერთად პარტია „საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრები: პოლიტიკური მდივანი კახაბერ ქემოკლიძე, დეპუტატი შალვა კერესელიძე, ბექა ლილუაშვილი და ეკატერინე ვეფხვაძე ესწრებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „საქართველოსთვის" ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, პარტიის წევრებმა მეწარმეებს პარტიის პროგრამული ხედვის ეკონომიკური მიმართულებები გააცნეს. საუბარი შეეხო სწრაფ, ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, საშემოსავლო და მოგების გადასახადის ეტაპობრივად 3-წლიან ვადაში შემცირებას. ასევე საუბარი შეეხო დღგ დიფერენცირებული სისტემის დანერგვას, საკვებ პროდუქციაზე დღეს არსებული დღგ განაკვეთის შემცირებას, რაც წაახალისებს სარესტორნო ინდუსტრიას და გაზრდის მოთხოვნას.

ამასთან, საუბარი შეეხო უშუალოდ გუდაურის, როგორც სამთო-სათხილამურო კურორტის განსავითარებლად ერთიანი ადმინისტრაციული ერთეულის შექმნას, მისთვის შესაბამისი ინსტრუმენტების მინიჭებას და დაფინანსების სპეციალური სისტემის დანერგვას. ყურადღება დაეთმო აღნიშნული მექანიზმით კურორტის განვითარების ერთიანი გეგმის განხორციელებას.

ამავდროულად შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აუცილებელია ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის გაძლიერება, „ჯერ ქართულის" პრინციპის დანერგვა.

მეწარმეებთან საუბრის დროს ხაზი გაესვა ახალი რეგიონული პოლიტიკის აუცილებლობას, ტურისტულ საჭიროებებზე მორგებული ინფრასტრუქტურის განვითარებას.