Bloomberg: აშშ აპირებს 2030 წლისთვის ელექტრომობილების წილი 40%-მდე გაზარდოს

აშშ-ის ხელისუფლება მოლაპარაკებებს აწარმოებს ავტომწარმოებელ კომპანიებთან, იმისათვის, რომ ამ დეკადის ბოლოსთვის ქვეყანაში გაყიდული ახალი ავტომობილების 40% მოვიდეს ელექტრომობილებზე.

„თუმცა, ამ გეგმის რეალიზებისთვის აშშ-ის ხელისუფლებას მოუწევს კანონმდებლობით განამტკიცოს მრავალმილიარდიანი ინვესტიციები და შექმნას საკმარისი დამტენი ინფრასტრუქტურა,“- წერს სააგენტო Bloomberg-ი.

ცნობილია, რომ ამერიკელი ავტომწარმოებლების უმეტესობამ უკვე გამოაცხადეს მზაობა საკუთარ სამოდელო ხაზში ელექტრომობილების წილის გაზრდაზე. თუმცა, მიუხედავად ამისა, სააგენტოს ცნობით, მკაფიო გეგმა ელექტროქარების გამოსაცემ მოცულობაზე ჯერ არცერთს არ წარუდგენია. ამისთვის კომპანიებს სჭირდებათ სახელმწიფო მხარდაჭერა, რომლის ფარგლებშიც ხელისუფლება შეძლებდა დასუბსიდირებას ან დაფინანსებას ელექტრო დამტენი სადგურების ფართო ქსელის შესაქმნელად. შესაბამისი კანონპროექტი ახლა სენატში განიხილება. ის ითვალისწინებს საგადასახადო შეღავათებს ელექტრომობილების შეძენაზე და 7,5 მილიარდი დოლარის გამოყოფას დამტენი ინფრასტრუქტურის შესაქმნელად.

ამასთან, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიმდინარე წლის მარტში კონგრესს თხოვნით მიმართა, გამოყოს 174 მილიარდი დოლარი ელექტრომობილებისა და 500 ათასი დამტენი სადგურის მშენებლობის მხარდასაჭერად. თუმცა, მოსმენებისას სენატორებმა პირველ ჯერზე ამ თანხების 15 მილიარდ დოლარამდე შემცირება მოითხოვეს, შემდეგ კი საერთოდაც 2,5 მილიარდ დოლარამდე. ამიტომ 7,5 მილიარდი დოლარი თუ დამტკიცდა, ის ნამდვილად კომპრომისულად გამოიყურება.

კოკა კვირკველია