მასკი ცდილობდა Apple-თვის, საკუთარი კომპანია Tesla მიეყიდა

ამერიკელი ილონ მასკი, რომელიც გახლავთ კომპანია Tesla-ს ხელმძღვანელი, ცდილობდა მისი კომპანია Apple-ისთვის მიეყიდა და ამისთვის ტიმ კუკთან შეხვედრას ლამობდა, თუმცა, ბიზნესმენების ეს შეხვედრა ვერ შედგა. ამის შესახებ ილონ მასკმა საკუთარ "ტვიტერზე" პარასკევს კიდევ ერთხელ დაწერა.

„ჩვენ არასდროს გვისაუბრია ტიმ კუკთან და მიმოწერაც კი არ გვქონია. იყო მომენტი, როცა მე მოვითხოვე კუკთან შეხვედრა, რომ განმეხილა მასთან Apple-ისთვის Tesla-ს მიყიდვის საკითხი. შესყიდვისთვის არანაირი პირობები წამოყენებული არ ყოფილა. მან უარი თქვა შეხვედრაზე. მაშინ Tesla-ს ღირებულება დღევანდელის 6% იყო,“ - დაწერა მასკმა, რითაც დააკომენტარა ერთ-ერთი წიგნის გამოსვლა, რომელშიც თურმე ირწმუნებიან, რომ მასკმა და კუკმა ეს საკითხი განიხილეს, თუმცა, იკამათეს და ვერ შეთანხმდნენ ხელმძღვანელი პოსტების განაწილების საკითხზე.

ცნობისთვის, 2020 წელის დეკემბერში მასკმა დაწერა, რომ კუკს გასულ წელს სთავაზობდა ეყიდა Tesla და მაშინაც იგივე თქვა, რომ „კუკმა შეხვედრაზე უარი განაცხადა“.

თავად Apple-ის თავკაცმა კი აღნიშნულზე კომენტარი 2021 წლის აპრილში The New York Times-თან გააკეთა და თქვა, რომ მასკთან არასდროს უსაუბრია, თუმცა დასძინა, რომ „აღფრთოვანებულია და პატივისცემითაა განმსჭვალული“ იმ კომპანიის მიმართ, რომელიც მასკმა შექმნა. მისი თქმით, Tesla-მ შეასრულა წარმოუდგენელი სამსახური, ვინაიდან არათუ დაიკავა წამყვანი პოზიცია ელექტრომობილების სფეროში, არამედ ინარჩუნებს მას ასე დიდხანს.

კოკა კვირკველია