ევროკავშირმა Amazon-ი 887 მილიონი დოლარით დააჯარიმა

ევროკავშირის კონფიდენციალურობის მარეგულირებელმა ორგანომ ამერიკული ონლაინ რითეილერი Amazon.com Inc. 887 მილიონი დოლარით დააჯარიმა დარღვევისთვის, რომელიც ეხება რეკლამას. ეს არის ისტორიულად უმსხვილესი ჯარიმა, რომელიც მონაცემთა კანონის დარღვევისთვის გამოუწერიათ ევროკავშირში.

Amazon-მა დააზუსტა, რომ მათი კომპანია დააჯარიმა ლუქსემბურგის მონაცემთა დაცვის სააგენტომ - CNPD, რომელიც გახლავთ Amazon-ის საქმიანობის ძირითადი მარეგულირებელი ორგანო ევროპაში. მარეგულირებელმა კომპანიას ასევე მოუწოდა, გადახედოს რამდენიმე საქმიან პრაქტიკას, თუმცა განცხადებაში არ ზუსტდება, კონკრეტულად რას გულისხმობს ორგანო.

Amazon-მა მარეგულირებლის გადაწყვეტილებას უსაფუძვლო უწოდა და მის გასაჩივრებას სააპელაციოში აპირებს.

„გადაწყვეტილება დაკავშირებულია იმასთან, თუ როგორ ვუჩვენებთ ჩვენ კლიენტებს რელევანტურ რეკლამას, რომელიც დაფუძნებულია ევროპული კანონმდებლობის სუბიექტურ და გადაუმოწმებელ ინტერპრეტაციებზე, ჯარიმა სრულიად შეუსაბამოა ასეთი ინტერპრეტაციებისთვისაც კი,“ - განაცხადა კომპანიამ.

The Wall Street Journal-ი ჯერ კიდევ ივლისის დასაწყისში წერდა, რომ CNPD-ი აპირებდა Amazon-ის დაჯარიმებას 425 მილიონი დოლარით. აღნიშნული ჯარიმის გაზრდა კი გამოიწვია სხვა ევროპული მარეგულირებლების მოთხოვნამ, რომლებმაც გამოწერილი ჯარიმა არასაკმარისად ჩათვალეს და CNPD-ის მისი გაზრდა მოსთხოვეს.

საბოლოოდ კი დადგენილი ჯარიმის ოდენობა მიღებულია ამერიკული კომპანიის მიერ 2020 წელს მიღებული სუფთა მოგების 4,2%-ის გამოანგარიშებით. როგორც ცნობილია, Amazon-მა 2020 წელს 21,3 მილიარდი დოლარის სუფთა მოგება მიიღო, ხოლო მისი შემოსავლები 386 მილიარდ დოლარს გასცდა. მონაცემთა დაცვის საერთო რეგლამენტის GDPR-ის მიხედვით, ევროკავშირის მარეგულირებლებს უფლება აქვთ, დააჯარიმონ კომპანიები მათი წლიური მოგების 4%-ის ოდენობით.

კოკა კვირკველია