მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, საუკეთესო ინვესტიცია, რაც ქვეყანამ შეიძლება გააკეთოს, ეს არის მომავალი თაობის განათლებაში გაკეთებული ინვესტიცია

ჩემი აზრით, საუკეთესო ინვესტიცია, რაც ქვეყანამ შეიძლება გააკეთოს, ეს არის ჩვენი მომავალი თაობის განათლებაში გაკეთებული ინვესტიცია,- ასე მიმართა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განათლების საერთაშორისო ცენტრის 2021-2022 წლის სტიპენდიანტებსა და კურსდამთავრებულებს.

მინისტრის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მას შემდეგ, რაც ისინი წამყვან უნივერსიტეტებში მსოფლიო დონის განათლებას მიიღებენ, სამშობლოში დაბრუნდნენ და მიღებული ცოდნა, განათლება და გამოცდილება ჩვენი ქვეყნის წინსვლას მოახმარონ.

„უპირველეს ყოვლისა, მინდა მთელი გულით მოგილოცოთ კონკურსში გამარჯვება და გისურვოთ წარმატებები. თქვენი ცხოვრების ძალიან საინტერესო ეტაპი იწყება. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ინვესტიცია და ჩემი აზრით, საუკეთესო ინვესტიცია, რაც ქვეყანამ შეიძლება გააკეთოს ეს არის ჩვენი მომავალი თაობის განათლებაში გაკეთებული ინვესტიცია. პირდაპირი მნიშვნელობით, ეს არის ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალზე ზრუნვა. როგორც პრემიერმაც აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მას შემდეგ, რაც თქვენ მსოფლიო დონის განათლებას მიიღებთ წამყვან უნივერსიტეტებში, დაბრუნდებით სამშობლოში და თქვენს ცოდნას, განათლებასა და გამოცდილებას მოახმართ ჩვენი ქვეყნის წინსვლას. თქვენი საქართველოში დაბრუნების შემდეგ ერთ განსაკუთრებულ პროექტთან დაკავშირებით მინდა ვისაუბრო, განსაკუთრებით მათთვის, ვინც დოქტორის ხარისხით დაბრუნდებით საქართველოში, ჩვენ ძალიან გაგვიხარდება თუ თქვენ აქტიურად ჩაერთვებით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიურ და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში,“- განაცხადა ჩხენკელმა.