თამარ გაბუნია განმარტავს, რაში დაიხარჯა კოვიდპანდემიის მართვისთვის გამოყოფილი თანხა

მობილიზებული რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი მოხმარდა შემთხვევების მართვას, ჰოსპიტლების მობილიზებას, პერსონალის ხელფასს, ასევე აღჭურვილობის განახლებას, ეს ყველაფერი გამჭვირვალეა და ინტერესის შემთხვევაში, შეგიძლიათ, მოითხოვოთ ჯანდაცვის სამინისტროსგან, - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტების კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რაში დაიხარჯა გამოყოფილი თანხა, იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი დაგვიანებით დაიწყო, მოქალაქეები კი პანდემიის მართვის პროცესში გამოვლენილ ბევრ ხარვეზსა და არასათანადო მომსახურებაზე საუბრობენ.

„კოვიდპანდემიის მართვისთვის მობილიზებული იქნა როგორც სახელმწიფო, ასევე დონორის რესურსი, ნაწილი მსოფლიო ბანკის დაფინანსებიდან, ეს იყო რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი. ძირითადი ნაწილი მოხმარდა, ბუნებრივია, შემთხვევების მართვას, ჰოსპიტლების მობილიზებას, პერსონალის ხელფასს, ასევე აღჭურვილობის განახლებას. ეს ყველაფერი გამჭვირვალეა და თქვენი ინტერესის შემთხვევაში შეგიძლიათ მოითხოვოთ ეს ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროსგან. რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს, ვაქცინები ქვეყანაში შემოვიდა მარტიდან, როდესაც „კოვაქსმა“ დაიწყო ვაქცინების მოწოდება. ეს ასეც იყო განსაზღვრული ვაქცინაციის გეგმით, რაც დამტკიცდა თებერვალში. ჩვენ მივყვებით ვაქცინაციის გეგმით განსაზღვრულ ვადებს და მომდევნო ორი-სამი თვის განმავლობაში ვაქცინაციის პროცესის მაქსიმალური გააქტიურება, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ვაქცინაციის გეგმის მიზნები იქნას მიღწეული. რაც შეეხება ვაქცინების შესყიდვას, ვაქცინების 3 მილიონ დოზა არის უკვე შესყიდული, ნაწილს კიდევ ველოდებით „კოვაქსიდან“, აქაც თანხის ნაწილი უკვე გადახდილია,“- განაცხადა გაბუნიამ.