მიმდინარე წელს აზერბაიჯანში ნავთობის მოპოვება 2,1%-ით შემცირდა, ხოლო გაზის - გაიზარდა

აზერბაიჯანში ნავთობმოპოვება, მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2,1%-ით არის შემცირებული და 17,2 მილიონ ტონას შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს.

„იანვარ-ივნისში მოპოვებულია 17,2 მილიონი ტონა ნავთობი, რაც 369 ათასი ტონით ნაკლებია, წინა წლის მაჩვენებელზე. საერთო მოცულობიდან 11,4 მილიონი ტონა მოდის საბადოს ბლოკზე - აზერი-ჩირაგ-გიუნშელი, რომელსაც აზერბაიჯანის საერთაშორისო ოპერაციული კომპანია ამუშავებს, 1,9 მილიონი ტონა მოდის კონდენსატზე - საბადოზე შაჰ-დენიზი, 3,9 მილიონი ტონა კი SOCAR-ზე“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, წლის პირველ ნახევარში ქვეყანამ ექსპორტზე გაიტანა 14 მილიონი ტონა ნავთობი, რაც 667 ათასი ტონით, ანუ 4,8%-ით ნაკლებია წინა წლის პირველი ნახევრის მაჩვენებელზე.

რაც შეეხება გაზის მოპოვებას, წლის პირველ ნახევარში 20,3 მლრდ კუბური მეტრი შეადგინა, ეს 990 მლნ-ით მეტია, წინა წლის ანალგოგიურ პერიოდზე. 6,4 მლრდ მოპოვებულია აზერი-ჩირაგ-გიუნშელის საბადოზე, 10 მლრდ შაჰ-დენიზზე, ხოლო SOCAR-ზე - 3,9 მლრდ კუბური მეტრი. იანვარ-ივნისში აზერბაიჯანმა 9,1 მლრდ კუბური მეტრი გაზი გაყიდა, რაც 36%-ით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე. ამასთან, თურქეთში ექსპორტირებულია 4,7 მლრდ კუბური მეტრი, ევროპაში - 3,2 მლრდ კუბური მეტრი, საქართველოში - 1,2 მლრდ კუბური მეტრი.

კოკა კვირკველია