Walt Disney-მ თანამშრომლისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახადა

Walt Disney აშშ-ში ყველა თავისი საშტატო თანამშრომლისთვის, რომელიც საათობრივ ანაზღაურებაზეა და პროფკავშირის წევრი არაა, ვაქცინაციას სავალდებულოს ხდის. მიზეზი დელტა COVID-19-ის სწრაფი გავრცელებაა. კომპანიის განცხადებას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

„თანამშრომლები, რომლებიც ჩვენს ობიექტებზე მუშაობენ და ჯერ არ არიან აცრილი, დღეიდან 60 დღე ექნებათ, რომ შეავსონ თავიანთი პროტოკოლი და ყველა, ვინც ჯერ კიდევ სახლიდან მუშაობს, ვალდებულია, სამსახურში გამოსვლამდე, ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთი წარმოადგინოს, მცირე გამონაკლისების გარდა“, - ნათქვამია Walt Disney-ის განცხადებაში. ვალდებულება ახლადდაქირავებულ თანამშრომლებსაც ეხებათ, რომლებიც სამუშაოს დაწყებამდე სრულად უნდა აიცრან.

Walt Disney-მ განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც მსხვილმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა, მათ შორის, Google-მა, Uber-მა და Facebook-მა კვირის დასაწყისში, აშშ-ს თანამშრომლებისთვის საოფისე მუშაობის დაწყებამდე, ვაქცინაცია სავალდებულო გახადეს.

სამშაბათს, ჯანდაცვის უწყებათა წარმომადგენლებმა გაავრცელეს განცხადება, რომ იმ რეგიონებში, სადაც კორონავირუსი სწრაფად ვრცელდება, სრულად ვაქცინირებულმა ამერიკელებმა დახურულ საზოგადოებრივ სივრცეებში ნიღბები ისევ უნდა ატარონ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ