სომხეთში მზის 2 უდიდესი ელექტროსადგური აშენდება - როდის დასრულდება პროექტზე მუშაობა

სომხეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანაში უახლოეს მომავალში მზის 2 უდიდესი ელექტროსადგური აშენდება, რომლებიც ქვეყნის ელექტროენერგიით მომარაგებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ.

მიმდინარე წლის ივლისში, სომხეთის მთავრობამ არაბთა გაერთიანებული საამიროების განახლებადი ენერგიის კომპანია Masdar-თან თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მიაღწია, რომლის მიხედვითაც, მზის ელექტროსადგურების მშენებლობა 2025 წელს უნდა დასრულდეს.

Ayg-1 პირველი ელექტროსადგური იქნება, რომელიც 200-მეგავატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს და ენერგიის მიღების მნიშვნელოვანი წყარო გახდება. როგორც ცნობილია, Ayg-1-ის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია სომხეთის აეს, ანუ მეწამორის ატომური ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ენერგიის ნახევარი იქნება.

ელექტროსადგური სომხეთის ცენტრალურ ნაწილში, არაგაწოტნის პროვინციაში აშენდება და 500 ჰექტარ ტერიტორიას დაიკავებს. მზის ელექტროსადგურის 85%-იანი წილის მფლობელი თავად კომპანია Masdar იქნება, 15% კი - სომხეთის ეროვნული ინტერესების ფონდის მფლობელობაში გადავა.

პროექტის ჯამური ღირებულება 174 მილიონი აშშ დოლარი იქნება. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ეს არამარტო სომხეთში, არამედ რეგიონში „მწვანე ენერგიაში“ განხორციელებული ყველაზე დიდი ინვესტიცია იქნება.

2021 წლის მარტში მიღწეული შეთანხმების მიხედვით, სომხეთში ესპანური ფირმა კიდევ ერთ მზის ელექტროსადგურია ააშენებს, რომელიც Ayg1-ის შემდეგ, სომხეთში სიდიდით მეორე ელექტროსადგური იქნება.

ბექა ბერიაშვილი