მსახიობი სკარლეტ იოჰანსონი Disney-ის უჩივის

მსახიობი სკარლეტ იოჰანსონი კომპანია Disney-ის Marvel-თან დადებული კონტრაქტის პირობების დარღვევაში ადანაშაულებს. ციფრული ფანჯრის არარსებობამ, მსახიობს შემოსავლის ნაწილი დააკარგვინა, აცხადებენ იურისტები. კომპანია კი თვლის, რომ „შავ ქვრივს“ არ აინტერესებს პანდემიის შედეგები და პოსტპანდემიური კინოინდუსტრიის სირთულეები.

როგორც სკარლეტ იოჰანსონის იურისტები აცხადებენ, ფილმის „შავი ქვრივი“ გამოსვლის დროს, ნატაშას როლის შემსრულებელმა 50 მილიონი დოლარით ნაკლები მიიღო, იმის გამო რომ Disney-იმ ფილმის პრემიერა ერთდროულად გამართა როგორც კინოთეატრებში, ასევე ციფრულ სტრიმინგ სერვისზე Disney+. იოჰანსონმა აღნიშნული Marvel Entertainment-თან კონტრაქტის დარღვევად შეაფასა და სასამართლოს მიმართა, წერს Wall Street Journal.

იურისტები თვლიან, რომ Disney-ი ამ ნაბიჯზე შეგნებულად წავიდა, რათა მსახიობისთვის შემოსავლების წილი არ გადაეხადა. კონტრაქტის თანახმად იოჰანსონს შეეძლო წილი მიეღო ექსკლუზიური ჩვენებიდან და პროცენტები სალარო შემოსავლებიდან. მისი წარმომადგენლები დარწმუნებული არიან, რომ მედია კომპანიას მხოლოდ Disney+-ის აუდიტორიის და კომპანიის აქციების ფასის ზრდა აინტერესებდა და ამ მიზნით გადადგა ეს ნაბიჯი, უგულებელყო რა მსახიობისა და მისი კუთვნილი Marvel Entertainment-ის ინტერესები.

Disney-მ მსახიობის პრეტენზიებს უპასუხა და ის კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული მძიმე შედეგების უგულებელყოფაში დაადანაშაულა. განცხადებაში ნახსენებია, რომ სწორედ „შავი ქვრივის“ ონლაინ პრემიერამ მისცა საშუალება მსახიობს მის ჰონორარზე (20 მლნ დოლარი) ცოტათი მეტი შემოსავალი მიეღო.

„შურისმაძიებლების“ სპინოფის პრემიერა შტატებში 9 ივლისს გაიმართა. საპრემიერო უქმეებზე პოსტკოვიდურ შტატებში ფილმმა რეკორდული, 80 მილიონი დოლარის შემოსავლის მიღება მოახერხა. საერთაშორისო ბაზარზე მან 78 მილიონი გამოიმუშავა, ხოლო Disney+-დან - 60 მილიონი დოლარი. იოჰანსონის ადვოკატების აზრით, სტრიმინგზე ფილმის გასვლამ, მის სალარო შემოსავლებზე ნეგატიურად იმოქმედა. ფილმის გამოსვლის დღიდან, 3 კვირაში 350 მილიონ დოლარამდე შემოსავალი დაუგროვდა.

კოკა კვირკველია