გიორგი ქადაგიძე: საქართველოს ეროვნული ბანკი თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის

საქართველოს ეროვნული ბანკი, ბაზელის საკონსულტაციო ჯგუფის წევრობის ფარგლებში, ბაზელის ძირითადი კომიტეტის ზედამხედველობის დანერგვის ჯგუფში (Supervision and Implementation Group) იწყებს მუშაობას.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აღნიშნული ჯგუფი ბაზელის კომიტეტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, რომელიც საერთაშორისო საზედამხედველო პოლიტიკაში მოწინავე მიდგომების დანერგვაზე მუშაობს და მის მიერ შემუშავებული ზედამხედველობის პრინციპები ფაქტობრივ საერთაშორისო სტანდარტს წარმოადგენს. მის ფარგლებში, აქტივების ხარისხის პრუდენციული ნორმების განმსაზღვრელი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა ბაზელში, 21 იანვარს გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ევროპის ცენტრალური ბანკის, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის, ინგლისის ბანკის და სხვა მოწინავე საზედამხედველო ინსტიტუტების წარმომადგენლები.

საქართველოს ეროვნულ ბანკს, ბაზელის საკონსულტაცო ჯგუფის პოლონელ კოლეგასთან ერთად, სპეციალიზირებული ჯგუფებისა და საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტის, კორპორატიული და მცირე და საშუალო საკრედიტო რისკების განყოფილების უფროსი ვახტანგ სიხარულიშვილი წარმოადგენს. საქართველო აღნიშნული დონის სამუშაო ჯგუფში გამოცდილების გასაზიარებლად პირველად მიიწვიეს.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკი თანმიმდევრულად ავითარებდა საბანკო ზედამხედველობის თანამედროვე მიდგომებს. განსაკუთრებით დიდი გამოცდილება დაგროვდა აქტივების ხარისხის (AQR) რისკების შეფასების მიმართულებით. ამ კუთხით, ასევე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა FSAP-ის მისიის შეფასებამ, რომლის ვრცელი დოკუმენტაცია უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება და სადაც საქართველოს ეროვნული ბანკის მიდგომები საკრედიტო რისკის ნაწილში შეფასდა, როგორც ძალიან მოწინავე.

"საქართველოს ეროვნული ბანკი თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის. საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების რეკომენდაციით, გასულ წელს 15-ზე მეტი ქვეყნის ცენტრალური ბანკის დელეგაცია გვეწვია ჩვენი გამოცდილების გასაზიარებლად. ახლა ეროვნული ბანკის წარმომადგენლებს დიდ საერთაშორისო საექსპერტო ჯგუფებში იწვევენ სამუშაოდ, რათა ეროვნული ბანკის მიერ დანერგილი სამაგალითო მოდელები ხელმისაწვდომი გახდეს სხვა უცხოური ცენტრალური ბანკებისთვისაც. ეს წარმატება მართლაც საამაყოა საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნისათვის, როდესაც გვეძლევა შესაძლებლობა ჩვენი წვლილი შევიტანოთ საერთაშორისო საზედამხედველო სტანდარტების დანერგვის პროცესში",- განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.