Pfizer-ი და Moderna ვაქცინას აძვირებენ - როგორია ერთი დოზის ღირებულება

ამერიკული ფარმაცევტული კომპანიები Pfizer-ი და Moderna საკუთარი ვაქცინების ფასს ზრდიან. ეს კი იმ ფონზე, როცა მათზე მოთხოვნა სულ უფრო მზარდია. ამის შესახებ ბრიტანული გაზეთი Financial Times წერს, რომლის მონაცემებით, Pfizer-ის ვაქცინის შესასყიდი ღირებულება ევროკავშირისთვის 26%-ით გაიზარდა, ხოლო Moderna-ს პრეპარატების - 13%-ით.

კონტრაქტებით, რომლებსაც გამოცემა გაეცნო, Pfizer-ის ერთი დოზა ვაქცინის ფასი გაზრდილია 15,5 ევროდან 19,5 ევრომდე, Moderna-ს დოზის ფასი კი - 19 ევროდან, 21 ევრომდე. გაზეთის მონაცემებით, მწარმოებლებმა ევროკავშირისგან 2,1 მილიარდი დოზა ვაქცინის შეკვეთა მიიღეს, 2023 წლამდე მიწოდების გარანტიით. ეს მას შემდეგ, რაც ამ ვაქცინებმა უკეთესი ეფექტიანობა აჩვენეს, უფრო იაფ - AstraZeneca-სა და Johnson & Johnson-ის ვაქცინებზე.

FT-ის პროგნოზით, მომავალ წელს ვაქცინებზე მოთხოვნა გაიზრდება განვითარებულ ქვეყნებში, რომლებსაც მოუწევთ მოსახლეობის რევაქცინაცია, შესაძლო ახალი შტამებისგან დასაცავად.

კოკა კვირკველია