აშშ-ის სენატმა ინფრასტრუქტურის 1 ტრილიონიან საინვესტიციო პაკეტს მხარი დაუჭირა

ხანგრძლივი დისკუსიების შემდეგ, ამერიკელმა სენატორებმა შეძლეს შეეთანხმებინათ კანონპროექტი, რომელიც ამერიკის ინფრასტრუქტურულ პროექტებში მასშტაბურ ინვესტიციებს ითვალისწინებს. ესენია: გზები, ხიდები, პორტები, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი და სხვ.

საუბარია, 1 ტრილიონი დოლარის საინვესტიციო პაკეტზე, საიდანაც 550 მლრდ დოლარი მომდევნო 5 წლის განმავლობაში დაიხარჯება: საავტომობილო და სარკინიგზო გზებზე, ელექტრომობილების დამტენ სადგურებზე და წყლის მილების შეცვლაზე. 450 მილიარდი დოლარის პაკეტი კი მანამდე იყო დამტკიცებული.

"დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ მალევე შევიტანოთ შესწორებები და ეს კანონპროექტი რამდენიმე დღეში მივიღოთ“, - განაცხადა სენატში დემოკრატიული უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა.

რესპუბლიკელმა სენატორმა რობ პროტმანმა განაცხადა, რომ - „ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი კანონპროექტია, იმიტომ, რომ ის ეხება ქვეყნის დიდ, დაბერებულ, მოძველებულ ინფრასტრუქტურას და მის მოდერნიზებას. ეს ყველასთვის კარგია“.

კოკა კვირკველია