BBC  - ევროზონა რეცესიიდან გამოვიდა

BBC-ის ცნობით, ევროზონის ეკონომიკა მიმდინარე წლის ბოლო სამ თვეში 2%-ით გაიზარდა, რამაც რეგიონი რეცესიიდან გამოიყვანა. ახალი მაჩვენებლებით, ზრდა ყველა ცალკეულ ეროვნულ ეკონომიკაში შეინიშნება. ბლოკის 19-მა ქვეყანამ ე.წ. ორმაგი რეცესია განიცადა, როცა მათი ეკონომიკა წინა ორ კვარტალში შემცირდა.

„თუმცა ევროზონა პანდემიამდელ, ანუ 2019 წლის ბოლო კვარტლის დონეს 3%-ით მაინც ჩამორჩება. რეგიონში კორონავირუსული ინფექციის ზამთრის აფეთქებების შემდეგ, აღდგენის პროცესი მიმდინარეობს“, - იუწყება BBC.

იტალიასა და ესპანეთში, რომელთა ეკონომიკა პანდემიის გამო თანაბრად ძლიერ დაზარალდა, ეკონომიკური ზრდა 3%-ს მიუახლოვდა.

ავსტრიასა და პორტუგალიაში კიდევ უფრო მეტი ზრდა ფიქსირდება. მაგალითად, პორტუგალიის მონაცემებით, ქვეყნის ეკონომიკა 4.9%-ით გაიზარდა.

ევროზონის უმსხვილესი ეკონომიკის ორ ქვეყნებში შედარებით ზომიერი ზრდა შეინიშნება: 1.5%-ით - გერმანიაში და 0.9%-ით - საფრანგეთში.

საშინაო მეურნეობების დახმარების ხარჯებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საფრანგეთის, გერმანიისა და განსაკუთრებით, ესპანეთის ეკონომიკურ ზრდაში. მაგალითად, საფრანგეთში სასტუმროებისა და რესტორნების ბიზნესი 29%-ით გაიზარდა.

Capital Economics-ის მთავარი ეკონომისტი ევროპის მიმართულებით, ენდრიუ კენინგემი ვარაუდობს, რომ ევროზონის მთლიან შიდა პროდუქტს მესამე კვარტალი კიდევ უფრო მაღალ მაჩვენებელს მოუტანს.

„წლის მესამე კვარტალი ევროზონის ეკონომიკას პანდემიამდელ დონეს მიუახლოებს და მასზე ოდნავ დაბალ მაჩვენებელზე გაჩერდება", - აცხადებს კენინგემი.

BBC-ის შეფასებით, შეერთებულმა შტატებმა ეს უფსკრული გადალახა, თუმცა იქ დასაქმება ჯერ კიდევ შემცირებულია და ეკონომიკური აქტივობაც იმაზე დაბალია, რაც ქვეყანაში პანდემიის არარსებობის შემთხვევაში იქნებოდა.

ევროზონის ახალმა მონაცემებმა აჩვენა, რომ უმუშევართა რიცხვი ივნისში 400 000-ზე მეტი ადამიანით შემცირდა, თუმცა ის ჯერ კიდევ მილიონით აღემატება იმ მინიმუმს, რაც გასული წლის დასაწყისში დაფიქსირდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ