ამერიკელი ჩინოვნიკი ფედერალურ ბანკს ციფრული დოლარის „სასწრაფო წესით“ გამოშვებისკენ მოუწოდებს

ფედერალური სარეზერვო სისტემის სამთავრობო წარმომადგენელმა, ლაელ ბრეინარდმა რამდენიმე მიზეზი დაასახელა, თუ რატომ უნდა შეიმუშაოს „სასწრაფო წესით“ აშშ-ს ცენტრალურმა ბანკმა ციფრული ვალუტა. მისი თქმით, ზოგი ქვეყანა, მათ შორის, ჩინეთი თავიანთი ციფრული ვალუტით სწრაფად მიიწევს წინ.

„დოლარი საერთაშორისო გადახდებში მეტად დომინირებს და თუ მსოფლიოში სხვა ციფრული ვალუტის შეთავაზებები არსებობს, ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა (central bank digital currency-CBDC) აშშ-ს ისევ არ გააჩნია, რაც ჩემთვის მდგრადი მომავლის სურათს არ ქმნის“, - აცხადებს ბრეინარდი.

„ფედერალური ბანკის ოფიციალური პირები სიღრმისეულად სწავლობენ ციფრული გადახდების სამყაროს. სწავლობენ საზოგადოების რეაქციას პოტენციურ ხარჯებსა და მოგებაზე. ამ მოსაზრებებს ისევე, როგორც მომავალი ციფრული ვალუტის დიზაინს, ფედერალური ბანკი სადისკუსიო ნაშრომში წარმოადგენს, რომელიც სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნდება“, - წერს სააგენტო Reuters-ი.

ივლისის დასაწყისში ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელმა, ჯერომ პაუელმა წარმოადგინა ანალიზი, უღირს თუ არა აშშ-ს ცენტრალურ ბანკს საკუთარი ციფრული ვალუტის გამოშვება.

„ერთ-ერთი ყველაზე დამაჯერებელი არგუმენტი ციფრული ვალუტის საერთაშორისო გამოყენებაა, სადაც ამჟამინდელი შუამავლობის გრძელი ჯაჭვი გაუმჭვირვალე და ძვირია. თუმცა ციფრული ვალუტის მხარდასაჭერად აშშ-ს საშინაო მიზეზებიც აქვს: სტეიბლკოინების ანუ კრიპტოვალუტის ფორმის მკვეთრი ზრდა, რომელიც ტრადიციულ ვალუტასთან, აშშ დოლართან არის მიბმული და არანაირად არაა მხარდაჭერილი არც ერთი სამთავრობო უწყების მიერ“, - აცხადებს ლაელ ბრეინარდი.

მისი თქმით, სტეიბლკოინს შეუძლია, გავრცელდეს და საგადასახადო სისტემის ფრაგმენტაცია მოახდინოს, ხოლო ერთი ან ორი კრიპტოვალუტა შესაძლოა, დომინანტიც გახდეს.

„თუ არაფერი მოვიმოქმედეთ და ტრადიციული ვალუტიდან სტეიბლკოინების სამყაროში მიგრაცია მეტად ინტენსიური გახდა, საშინაო მეურნეობები და ბიზნესი სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ უსაფრთხო ანგარიშსწორების აქტივებზე წვდომას დაკარგავენ, რასაც ტრადიციული ვალუტა ყოველთვის უზრუნველყოფდა“ - აცხადებს ბრეინარდი.

მისი შეფასებით, ცენტრალური ბანკის ციფრულ ვალუტას შეუძლია ისეთი პრობლემების მოგვარებაც, როგორიცაა, მაგალითად, პანდემიის დროს სახელმწიფო გადახდების უზრუნველყოფა იმ ადამიანებისთვის, ვისაც საბანკო ანგარიში არ გააჩნია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ