მთავრობა რთველის სუბსიდირებას წელსაც მოახდენს

მთავრობა რთველს წელსაც დაასუბსიდირებს. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ უკვე დავიწყეთ რთველისთვის სამზადისი. ბოლო წლებში მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების სწორი სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად გაშენდა ახალი ვენახები. ბოლო 8 წელიწადში დაახლოებით 6400 ჰექტარი ახალი ვენახი. ეს არის ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგი. შედარებისთვის, 2012 წელს, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, მაშინ ღვინის კომპანიების რაოდენობა შეადგენდა 39-ს, ხოლო 2020 წელს 350 ღვინის კომპანიაა - ამაში შედის მარნები, მსხვილი, საშუალო და წვრილი ღვინის კომპანიები. შედარებისთვის მინდა გითხრათ, რომ თუ კახეთის რეგიონისთვის მეღვინეობიდან შემოსავალი 2012 წელს იყო 35 მილიონი ლარი, 2020 წელს აღნიშნული შემოსავალი 323 მილიონამდე გაიზარდა, მხოლოდ ყურძნისგან. ეს არის რეალურად შედეგი, რომელზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ და განსხვავებას ძალიან კარგად ხედავს მოსახლეობა საკუთარ ჯიბეზეც.

რაც შეეხება გადამუშავებულ ყურძენს, 2012 წელს გადამუშავდა 52 200 ტონა ყურძენი, ხოლო 2020 წელს - 283 ათასი ტონა, ამხელა სხვაობა, ამხელა პროგრესი გვაქვს ამ დარგში. კიდევ ვიმეორებ ეს არის ჩვენ მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯების შედეგი, რომელსაც ჩვენ ახლა ვიმკით და რეალურად ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება. ამის მიუხედავად, ჩვენ კარგად გვესმის, რომ წელს ქვეყანაში ყურძნის ჭარბ მოსავალს ველოდებით დაახლოებით, 300 ათას ტონას ველოდებით წელს. ჩვენი ინფორმაციით, აშკარა არის, რომ ღვინის კომპანიების მხრიდან თეთრ ყურძენზე მოთხოვნა დაიკლებს იმიტომ, რომ ჭარბი მოსავალი აქვთ, წინა წლებშიც ჰქონდათ და ამიტომ, შეიძლება გაუჭირდეთ დაბინავება, რეალიზაცია. სწორედ ამ ყველაფრის, ჩვენი მოსახლეობის მდგომარეობის გათვალისწინებით, პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ წელსაც ჩვენ მოვახდინოთ რთველის სუბსიდირება - ერთი კილოგრამი „რქაწითელი“ ეღირება არანაკლებ 90 თეთრი - აქედან, სახელმწიფოსგან დამატებით მიიღებენ კომპანიები 35 თეთრს, ანუ მოსახლეობა მიიღებს რეალურად ამ დანამატს და ჯამში, მინიმუმ 90 თეთრი იქნება კილოგრამი ყურძნის ფასი“, - განაცხადა პრემიერმა.