ლევან დავითაშვილი - ჯამში ველოდებით 300 000 ტონა ყურძნის გადამუშავებას ინდუსტრიულად, ეს მორიგი რეკორდი იქნება

ჯამში ველოდებით 300 000 ტონა ყურძნის გადამუშავებას ინდუსტრიულად, ეს მორიგი რეკორდი იქნება. ჩვენი პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებაა, რომ ჩავერიოთ, დავაბალანსოთ, კოვიდის შედეგები შევუმსუბუქოთ მევენახე-ფერმერებს, ღვინის საწარმოებს, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფოს მხრიდან ბიუჯეტში 100 მლნ ლარია გამოყოფილი, რათა სექტორის სტაბილურობა შენარჩუნებული იყოს.

„წელს საკმაოდ კარგი ხარისხის მოსავალს ველოდებით. მათ შორის, რაოდენობაშიც ზრდაა. ვენახების გაშენების გაგრძელების ტენდენცია გრძელდება და ალბათ, კვლავაც გაგრძელდება, თუმცა გვესმის, რომ პანდემიამ გაურკვევლობები შემოიტანა. გარკვეული დისბალანსი ნედლეულსა და მოთხოვნას კერძო კომპანიებს შორის მაინც არსებობს, არა მხოლოდ საქართველოში, ასეთი რთული შემთხვევა მეღვინეობის სექტორში ყველა ქვეყანაშია შექმნილი. წელს ველოდებით, ექსპორტის მონაცემების კიდევ უფრო გაუმჯობესებას, თუმცა ეს საკმარისი არ არის. თუ ჩვენ ვგეგმავდით დაახლოებით 15-20%-იან ზრდას, ჩვენი ზრდა დაახლოებით 7-8%-ია, რაც საკმარისი არ არის და შესაბამისად, სახელმწიფოს ინტერვენცია უწევს. დაახლოებით, ჯამში ველოდებით 300 000 ტონა ყურძნის გადამუშავებას ინდუსტრიულად, ეს მორიგი რეკორდი იქნება. ჩვენი პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებაა, რომ ჩავერიოთ დავაბალანსოთ, კოვიდის შედეგები შევუმსუბუქოთ მევენახე-ფერმერებს, ღვინის საწარმოებს, იმისათვის, რომ დარგის სტაბილური განვითარება მომავალი წლებისთვის შევინარჩუნოთ.

სახელმწიფოს მხრიდან ბიუჯეტში 100 000 000 ლარია გამოყოფილი. ეს საკმაოდ დიდი რიცხვია, მაგრამ აუცილებელი საჭიროებაა იმისთვის, რომ სექტორის სტაბილურობა შევინარჩუნოთ. სამინისტროს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ რთველი ორგანიზებულად ჩატარდეს. თითქმის ყველა ფერმერთან კომუნიკაცია გვქონდა. მიმდინარე წელს, კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის მთელი 2 რეგიონი დაფარული იქნება ელექტრონული პასპორტებით, ანუ ჩვენ გვექნება ზუსტი მონაცემები თითოეულ ვენახში არსებული მდგომარეობის შესახებ“, - განაცხადა დავითაშვილმა.