ამერიკული სტარტაპი - კიტრის საწრუპი, რომელიც სასმელის მიღების შემდეგ დასაყოლებლადაც გემრიელია

28 წლის ამერიკელმა თომას ადეირიმ სასმელებისთვის კიტრის საწრუპი გამოიგონა. წარმოების დასაწყებად თომას ადეირის სტარტაპს მთლიანობაში 36,000 აშშ დოლარის შეგროვება სჭირდება, რასაც "ქროუდფინანსირების" პლატფორმის საშუალებით ახდენს. მას ამ სახსრების მოსაზიდად ერთი თვე აქვს დარჩენილი. ამის შესახებ ადეირიმ საინვესტიციო პლატფორმა kickstarter.com-ზე თავად დაწერა.

პლატფორმის მონაცემებით, ოკეანეში უკვე ჩაყრილია 4.4 მილიონი პლასტმასის საწრუპი, ამიტომ კიტრის საწრუპის დამზადების საბოლოო მიზანია პლასტიკური ნარჩენების მინიმუმამდე შემცირება.

„რა უპირატესობა აქვს ამ ჭურჭელს სხვა კონკურენტებთან შედარებით? კიტრის საწრუპი გარემოსთვისაც კარგია და ის შესაძლოა, იყოს შესანიშნავი მისაყოლებელი სასმელის მიღების შემდეგ. მე ვაგროვებ სახსრებს პროდუქტის წარმოებისთვის და რეკლამირებისთვის. გარემოსდაცვითი ნებისმიერი პროდუქტი ჩვენი შვილების მომავალს იცავს“, - წერს თომას ადეირი.

ევროკავშირში პლასტიკური ერთჯერადი ჭურჭლის წარმოების აკრძალვის რეგულაციების მიხედვით, სასმელის საწრუპები პლასტმასის ნაცვლად, ლითონის ან ქაღალდის უნდა იყოს, ხოლო ჩანგლები, მაგალითად, ხისგან უნდა დამზადდეს.

„თუმცა არა მხოლოდ ევროპელები, პლასტმასის ალტერნატივას მთელი მსოფლიო ეძებს, რადგან ბოლო 10 წლის განმავლობაში კაცობრიობამ უფრო მეტი პლასტიკური ნარჩენები გამოიმუშავა, ვიდრე მთელ წინა ისტორიაში“, - წერს სოფლის მეურნეობის დარგის უკრაინული პორტალი SEEDS.

ვებ-გვერდის ინფორმაციით, პლასტმასის ალტერნატივებს ხშირად მცენარეული მასალისგან ამზადებენ. მაგალითად, უკრაინული სტარტაპი ქაღალდსა და ერთჯერად თეფშებს ჩამოცვენილი ფოთლებისგან აწარმოებს, ხოლო უკრაინის ქალაქ სუმის მეცნიერებმა ბიოპაკეტები „კრახმალისგან,“ იგივე სახამებლისგან შექმნეს. ასევე, არსებობს საკვები ერთჯერადი ჭურჭელი, როგორიცაა ვაფლის ყავის ჭიქები.

3 ივლისიდან ევროკავშირში ძალაში შევიდა დირექტივა, რომელიც გარკვეული სახის ერთჯერადი პლასტმასის პროდუქტების რეალიზაციას კრძალავს. ერთჯერადი პლასტმასის გამოყენების დირექტივა განსაზღვრავს მკაცრ წესებს იმ პროდუქციის შესამცირებლად, რომელიც ევროპული პლაჟების დამაბინძურებელი 10 ყველაზე პოპულარული ნივთია.

ესენია: ბამბის ჰიგიენური ჩხირები, ჩანგალი და კოვზები, თეფშები, საკვები და ამთქვეფი ჩხირები, საწრუპები, ერთჯერადი პენოპოლისტირული საკვები კონტეინერები, სასმელი ჭურჭელი და ოქსიდურ-დამშლელი პლასტმასისგან დამზადებული ყველა პროდუქტი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ