„ლა ლა ლენდიის“ შემქმნელი სტუდია ბრიტანეთში შედის

BBC-ის ცნობით, ჰოლივუდის სტუდია დიდ ბრიტანეთში 700 მლნ ფუნტ სტერლინგად „მსოფლიო დონის" კინოსა და ტელე სტუდიების შექმნას გეგმავს. ლოს-ანჯელესში მდებარე Sunset Studios-ს მფლობელებმა და საინვესტიციო ფირმამ 120 მლნ ფუნტად ჰერტფორდშირში 91 ჰექტარი ფართობი ერთობლივად შეიძინეს. კინოწარმოების ცენტრი ქალაქ ბროქსბორნში აშენდება.

ბრიტანეთის მთავრობა ქვეყნის მასშტაბით ასეთი სასცენო სივრცეების განვითარებას მხარს უჭერს.

„ეს ახალი სტუდია კიდევ ერთი ნდობის "ვოტუმია" ბრიტანეთის სწრაფად განვითარებადი კინოსა და ტელეინდუსტრიის მიმართ. ბრიტანული კინოს კომისიის სახით, ჩვენ მხარს ვუჭერთ ამგვარი სასცენო სივრცეების განვითარებას ქვეყანაში. ვახდენთ ადგილობრივი ეკონომიკის სტიმულირებას და ვეხმარებით ჩვენს მსოფლიო დონის კრეატორებს, რათა შემდგომშიც შეიქმნას ბონდის "ბლოკბასტერები" და კარგი კინო“, - აცხადებს ციფრული ტექნოლოგიების, კულტურის, მედიისა და სპორტის სახელმწიფო მდივანი ოლივერ დოუდენი.

ოლივერ დოუდენი, ასევე არის კონსერვატორი დეპუტატი მეზობელი ჰერტსმირის საარჩევნო ოლქიდან, სადაც Elstree Studios განლაგდება. მისი მფლობელი და ოპერტორი ლოს-ანჯელესში დაფუძნებული Hudson Pacific-ია, რომელიც საინვესტიციო კომპანიას Blackstone-თან გაერთიანდა. ერთობლივი პროექტით, ბროქსბორნი ბრიტანეთისა და საერთაშორისო კინოწარმოების ცენტრად უნდა გადაიქცეს. კომპანიები ვარაუდობენ, რომ ახალი სტუდია ყოველწლიურად 300 მლნ ფუნტს შეიტანს ადგილობრივ ეკონომიკაში და 4500-მდე სამუშაო ადგილის შექმნის.

Blackstone Real Estate Europe-ის ხელმძღვანელი ჯეიმს სეპალა აცხადებს, რომ პროექტი „მსოფლიო დონის სტუდიის შექმნას ითვალისწინებს, რაც დიდი ბრიტანეთს მსოფლიო პრემიერების წამყვან ადგილს შეუნარჩუნებს“.

BBC-ის შეფასებით, ეს იქნება შეერთებულ შტატებს გარეთ Sunset Studios-ის ბრენდის პირველი გაფართოება, სადაც შეიქმნა ისეთი კინოპროდუქციები, როგორიცაა „როდესაც ჰარი შეხვდა სალის“, „ზულანდერი“ და „ლა ლა ლენდი“.

Hudson Pacific-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი, ვიქტორ კოულმენი აცხადებს, რომ მოუთმენლად ელოდება „ბროქსბორნის საბჭოსთან თანამშრომლობას იმ გარანტებისთვის, რათა ადგილობრივ საზოგადოებაზე პროექტის მნიშვნელოვანი და პოზიტიური გავლენა იქნას უზრუნველყოფილი“.

ბროქსბორნის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარე ლუის კოკინგმა განაცხადა, რომ ეს ქალაქისთვის „ფანტასტიკური შესაძლებლობაა“.

„შემოქმედებითი ინდუსტრიები ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა, რადგან 4500 მუდმივი ახალი სამუშაო ადგილის შექმნა და ადგილობრივ ეკონომიკის სტიმულირება სწორედ ის არის, რაც ჩვენ პანდემიის შემდეგ გვჭირდება”, - აცხადებს ლუის კოკინგი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ