IRI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 23% მთავრობის მუშაობას „ძალიან ცუდად“, 7% - კი „ძალიან კარგად“ აფასებს

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)" ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 23% აცხადებს, რომ მთავრობის მუშაობას „ძალიან ცუდად“ აფასებს.

კითხვაზე: „როგორ შეაფასებდით მთავრობის მუშაობას?“- გამოკითხულთა 7%-მა განაცხადა, რომ მთავრობის მუშაობას „ძალიან კარგად“ აფასებს, 38 % - ნაწილობრივ კარგად, 23% - ძალიან ცუდად, 28 % - ნაწილობრივ ცუდად.

ამასთან, გამოკითხულთა 4% -მა კითხვაზე პასუხი არ იცოდა/ არ ჰქონდა.

კვლევა ჩატარდა 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, საველე სამუშაოები ჩატარდა IPM - ის მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 74 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.