ლარში გახსნილ დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთი 10%-მდე გაიზარდა

საბანკო დეპოზიტები 2021 წლის ივნისში 16.7%-ით გაიზარდა და დეპოზიტების მოცულობამ 35.3 მლრდ ლარი შეადგინა. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ ანგარიშშია მოცემული.

მათივე ცნობით, წლიური ზრდის ტემპი წინა თვესთან შედარებით 5.3 პპ-ით შემცირებულია. ზრდის შენელება კი ძირითადად ლარის დეპოზიტების (წ/წ +24.2%, შემცირებულია 13.2 პპ-ით მაისთან შედარებით) მიერ არის გამოწვეული. ამასთან, ანგარიშის თანახმად, უცხოურ ვალუტაში დენომინირებული დეპოზიტების ზრდის ტემპი (წ/წ 12.2% წ/წ, შემცირებულია 1.5 პპ-ით მაისთან შედარებით) მხოლოდ მცირედით შენელდა.

„წინა თვესთან შედარებით დეპოზიტების დოლარიზაცია 0.7 პპ-ით 60.1%-მდე შემცირდა, თუმცა მხოლოდ ლარის გამყარების გამო - გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით დოლარიზაციის მაჩვენებელი წინა თვესთან შედარებით 0.1 პპ-ით არის გაზრდილი.

ეროვნულ ვალუტაში საპროცენტო განაკვეთმა ზრდა განაგრძო და 10.0% შეადგინა, უცხოური ვალუტების დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთები კი კვლავ კლების ტენდენციას ინარჩუნებს და საშუალოდ 1.2%-მდე შემცირდა. შედეგად, უცხოური და ეროვნული ვალუტის დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთებს შორის სხვაობამ ისტორიულ მაქსიმუმს - 8.8%-ს მიაღწია. ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია ფიზიკური პირებისთვის, სადაც სხვაობამ 9.6% შეადგინა,“-აღნიშნულია ანგარიშში.

თაია არდოტელი