ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები 235.1 მლნ დოლარით შემცირდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2021 წლის ივნისში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების მოცულობა 235.1 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის მაისში საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ ქვეყანაში 4,153 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ივნისში აღნიშნული მაჩვენებელი 3,918 მლრდ აშშ დოლარამდე შემცირდა.

როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, საერთაშორისო რეზერვებზე კლების მიმართულებით, ძირითადად, ბანკებთან განხორციელებულმა სვოპ ოპერაციებმა და მთავრობის სავალუტო ხარჯებმა იმოქმედა.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ სწორედ მაისში, გააჩნდა ეროვნულ ბანკს ყველაზე დიდი მოცულობით საერთაშორისო რეზერვი. ამ ყველაფრის მიზეზი კი სავარაუდოდ, მთავრობის მიერ აღებული საგარეო ვალია, რომელსაც ეროვნული ბანკი რეზერვის სახით ინახავს.

ნოდარ სირბილაძე